დღეს ბარბარობაა – დღესასწაულის ისტორია, ძველი და ახალი ტრადიციები
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 34
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.
ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.
წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიყავთ.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.
ბარბარობა ქართველების ერთ-ერთი უძველეს საახალწლო დღესასწაულად ითვლება. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას, რომლის ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება.
ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო – მეკვლეობა. ეს რიტუალი დღესაც აქტუალურია და გამოიხატება მეკვლის (მეფეხის) მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა.
მისი წმიდა ნაწილები ასვენია ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.
