აშშ-ში მყოფი "მწვანე ბარათის" გამარჯვებულებისთვის სტატუსის მიღების პროცესი ჩერდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 58
კომპანია e-Consul-ის ინფორმაციით, მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშებაში გამარჯვებულები აშშ-ში სტატუსის მიღების პროცესი ჩერდება. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში სხვადასხვა სტატუსით შევიდნენ (ტურისტული, სტუდენტური, არალეგალური და ა.შ.) იქ მოიგეს მწვანე ბარათი და უნდათ სტატუსის ცვლილება.
"მნიშვნელოვანი სიახლე მათთვის, ვინც აშშ-ში იმყოფება და მუდმივი ბინადრობის უფლების მიღებას მწვანე ბარათის ლატარიაში გამარჯვების საფუძველზე ელოდება:
USCIS-ის ახალი მემორანდუმის თანახმად, დაუყოვნებლივ შეჩერდა ყველა მიმდინარე განაცხადის განხილვა. მემორანდუმი ავალდებულებს USCIS-ის პერსონალს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ სტატუსის შეცვლის (Adjustment of Status) ყველა მიმდინარე განაცხადის განხილვა იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ითხოვენ მუდმივი ბინადრობის უფლებას Green Card-ის გათამაშების საფუძველზე.
არსებული ცვლილება შეეხება არა მხოლოდ მწვანე ბარათის განმცხადებლებს, არამედ მათთან დაკავშირებულ ფორმებსაც, როგორიცაა:
ფორმა I-485: მუდმივი ბინადრობის რეგისტრაცია ან სტატუსის შეცვლა;
ფორმა I-765: დასაქმების ნებართვა;
ფორმა I-131: სამგზავრო დოკუმენტები (Advance Parole);
ფორმები I-601 და I-212: სხვადასხვა სახის დაუშვებლობის მოხსნის განაცხადები.
ფორმა I-824: დამტკიცებულ პეტიციაზე USCIS-ის ჩარევა.
ეს შეზღუდვა ვრცელდება როგორც ძირითად აპლიკანტებზე, ისე მათ მეუღლეებსა და შვილებზე. მემორანდუმში წერია, რომ ყველა აპლიკანტმა უნდა გაიაროს საფუძვლიანი შემოწმება, რაც მოიცავს სავალდებულო გასაუბრებას (და საჭიროების შემთხვევაში განმეორებით გასაუბრებას). შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
არის თუ არა პირი ტერორისტთა მონიტორინგის სიაში;
აქვს თუ არა კავშირი კრიმინალურ ან ტერორისტულ საქმიანობასთან;
შეუძლია თუ არა პირს საკუთარი ვინაობის დადასტურება.
მემორანდუმის თანახმად, გადაწყვეტილების მიზანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვა.
