„ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა ქვეყნის მასშტაბით გაიმართა

„ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართა ქვეყნის მასშტაბით. ქრისტესშობის მახარობლებმა გალობით მოიარეს ბათუმის ქუჩები და შეაგროვეს შესაწირი. ხალხს შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლება.

ალილოს ტრადიციული მსვლელობა დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოდან დაიწყო სამეგრელოში. ალილოს მონაწილეებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და შობის მახარობლებს საჩუქრები გადასცეს. მსვლელობა ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისით დასრულდა.

მსვლელობა გაიმართა ქუთაისშიც. ის მერიის შენობიდან დაიწყო, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შობის მახარობლებს ნობათი გადასცეს.

გორში მომლოცველები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა, მახარობლებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ლოცვით და გალობით შემოიარეს და მოსახლეობას ქრისტესშობა ახარეს.

საშობაო მსვლელობა გაიმართა გურჯაანში. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და შობის მახარობლებმა მოსახლეობას ქრისტესშობა მიულოცეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს. აკურთხეს ქალაქის ქუჩები. ალილოს შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლებაც.