"ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული" - ფერეიდნიდან საქართველომდე
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 50
"ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული" - ინფორმაციას ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, "ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა".
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, ეს არის ამ ერთი ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაცია.
ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერვე გავრცელებული მონაცემები არ არის ზუსტი და სრული და იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს.
"შემაძრწუნებელი ცნობა ირანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისას ფერეიდნელი ქართველების დახოცვის შესახებ.
ღრმა მწუხარებითა და შეშფოთებით გაცნობებთ, რომ ირანში ინტერნეტის, ტელეფონისა და კავშირგაბმულობის სრული ბლოკადის პირობებში, ბოლო დაპირისპირებების შესახებ მოპოვებული მწირი ინფორმაციით, ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული.
მოკლულთა შორის არის უკიდურესად შემაძრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევა: პირდაპირი ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა. ეს სისასტიკე არა მხოლოდ უზომო ტკივილს, არამედ უდიდეს აღშფოთებასა და რისხვას იწვევს ამ აშკარა დანაშაულის მიმართ.
ხაზგასასმელია, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული; იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. არსებული ვითარებისა და გაწყვეტილი კომუნიკაციების გათვალისწინებით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია. ამ დროისთვის არანაირი სარწმუნო ინფორმაცია არ მოგვეპოვება თავად ფერეიდნისა და სხვა ქალაქების, მათ შორის თეირანის მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აორმაგებს"- წერია განცხადებაში.
