სეს-მა თბილისში ყავის საწარმოს მუშაობა შეუჩერა - პროდუქციაში ბარდა აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში არაგეგმური კონტროლის ფარგლებში, ყავის საწარმო შპს „ტრეიდერი" შეამოწმა და შემოწმების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა.

სააგენტოს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყავას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ბაზარზე პროდუქცია სავაჭრო დასახელებებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“ გამოდიოდა.

ინსპექტირებისას სპეციალისტებმა პროდუქციის შემადგენლობასა და წარმოების პროცესში კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს:

ფალსიფიკაცია: პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა;
რეალიზაციის არეალი: აღნიშნული პროდუქცია მცირე სავაჭრო ობიექტებში იყიდებოდა;
სტანდარტების დარღვევა: გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. ამასთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, საწარმოო პროცესი შეჩერდა შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ეტიკეტირებას.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის დირექტორი და მფლობელი გიორგი ზირაქაშვილია.