2025 წელს შიდა ბაზარზე შემოწმებული ღვინის ნიმუშებში დარღვევა გამოვლინდა - სააგენტო
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 45
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 78 კომპანიის პროდუქცია. აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა დაფიქსირდა 73 ნიმუშში.
სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 62 კომპანიაში. აღებული 1 289 ნიმუშიდან დარღვევა დაფიქსირდა 7 კომპანიის 19 ნიმუშში.
ამასთანავე, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „ბიურო ვერიტას ჯორჯიასა“ და შპს „სჯს ჯორჯიას“ მიერ შემოწმებულ 80 კომპანიაში აღებული 529 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა და შესაბამისი ლოტის თანხვედრის დადგენას მოიცავდა.
გარდა ამისა, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 2025 წელს ჩატარდა 279 დეგუსტაცია. სულ შემოწმდა 13 349 ნიმუში, საიდანაც 520 ნიმუშმა დეგუსტაცია ვერ გაიარა, ხოლო 12 829 ნიმუში დადებითად შეფასდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2026 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება შიდა ბაზრის მონიტორინგი, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გაიზარდოს მასზე მოთხოვნა.
სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირდა.
„დარღვევები ძირითადად გვხვდება იმ შემთხვევაში, როდესაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება საექსპორტოდ ან ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ლოტებს. საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში ქართული ღვინის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. მეწარმემ ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან, რადგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოყვანილი ყურძნის ხარისხი,“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
