ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 55
ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების მაღაზიების მფლობელებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეები ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები მათ საქმიანობას ფაქტობრივად აჩერებს - ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის ახალი წესი ამოქმედდა
მოვაჭრეები ხელისუფლებას რეგულაციების ამოქმედების გადავადებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები მათთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული.
„მე პირადად ბანკის ვალი მაქვს და ჩემნაირი არის აქ დაახლოებით 80%. კარგი, დავკეტეთ და წავედით, მაგრამ რით ვიხადოთ ეს ბანკის ვალი? შემოსავლების სამსახური შემომივიდა და 195%-იანი მოგება დამითვალა, რაც არარეალურია. დამადო 600 ათასი ლარი ჯარიმა, რომელსაც ვერ გადავიხდი. ამდენი ვალდებულების შემდეგ რომ მეუბნები, დაკეტე, სად წავიდე? სტუდენტი მყავს, პატარა ბავშვი მყავს და ოჯახს ვარჩენ ამ საქმიანობით,“ – აცხადებს მოვაჭრე tv პირველთან.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის ინფორმაციით, დახმარების თხოვნით ისინი თბილისის მერიასაც მიმართეს, თუმცა უწყებაში უთხრეს, რომ ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესაძლებლობა არ აქვთ.
„რაც უკვე შემოტანილი გვაქვს, ეს საქონელი ხომ უნდა გავყიდოთ? გვაქვს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებები და გვეუბნებიან, რომ ‘წადით სახლში, არ გვაინტერესებს’. მერიაშიც ვიყავით, მაგრამ გვითხრეს, რომ არც პირობები აქვთ და არც სივრცეები, სადაც უნდა გადაგვიყვანონ. ეს პრობლემები მათ საერთოდ არ აინტერესებთ,“ – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ რეგულაციების უცვლელად ამოქმედების შემთხვევაში, ელიავას ბაზრობაზე ასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, ამ პროდუქციის დაუშვებელ ადგილებში განთავსება/რეალიზაცია მკაცრად ისჯება:
- აკრძალულ ადგილებში რეალიზაცია: ფიზიკური პირი 2 500 ლარით ჯარიმდება, იურიდიული - 5 000 ლარით. კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ჯარიმა ორმაგდება. განმეორებითი დარღვევა იურიდიული პირისთვის 15 000-დან 30 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
- წესების დარღვევა დაშვებულ ადგილებში: იმ ტერიტორიებზე, სადაც ვაჭრობა ნებადართულია, საკრებულოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა 1 000-დან 2 500 ლარამდე ჯარიმას იწვევს.
- სამშენებლო მასალები და ბეტონი:ცვლილებები ასევე ეხება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, გადაუხურავი მანქანით გადაზიდვას და გზაზე ბეტონის დაღვრას. ამ შემთხვევებში სანქციები 1 000-დან 5 000 ლარამდე მერყეობს.
საკითხი 2019 წლის 30 მაისს კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დარეგულირდა, განისაზღვრა სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 28 თებერვლის N54-35 დადგენილებით დამტკიცდა ,,მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი“, რომლის ამოქმედებაც რამდენჯერმე გადავადდა და ბოლო ვარიანტით, ძალაში 2026 წლის 1-ელ იანვარს უნდა შევიდეს, უკვე გაზრდილი ჯარიმებით.
