საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციის ექვსი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 45
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის ექვსი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა შემდეგ მონაკვეთებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ0-კმ6) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სარეაბილიტაციო გზა გადის ქალაქ ხაშურის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, მისი მოწესრიგება მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის მოსახლეობისთვის, ასევე გზით სხვა მოსარგებლეთათვის. ამავე გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 კმ-იან (კმ60 – კმ 63) მონაკვეთს. სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 18 091 259 ლარს.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის, ჯამში, 21 კმ-იან მონაკვეთს (კმ51-კმ58 და კმ93-კმ106). პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 38 095 044 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიმართულება უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონს სამცხე–ჯავახეთთან. გზას აქვს მნიშვნელოვანი ტურისტული დატვირთვაც.
ტენდერი გამოცხადებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი)-მანგლისის 21.3 კმ-იან მონაკვეთზე (კმ1-კმ21). პროექტი 2 ლოტად განხორციელდება და მისი სავარაუდო ჯამური ღირებულება 31 498 984 ლარი იქნება. აღნიშნული გზა თბილისიდან ქვემო ქართლის რეგიონისკენ მიმავალი ერთ-ერთი მიმართულებაა, ასევე ამ გზაზე გვხვდება მჭიდროდ დასახლებული პუნქტები. გზა მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც.
რეაბილიტაციის შემდგომ, საავტომობილო მონაკვეთებზე უზრუნველყოფილი იქნება გზით მოსარგებლეთა შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილება.
აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
