რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - გივი მიქანაძე
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 131
რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. თითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებულია, ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და დამსახურება უნივერსიტეტის წინაშე, შესაბამისად, პროცესებს წარვმართავთ ისე, რომ ისინი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დროებით მმართველ ორგანო „საბჭოში“, რომელიც რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით შეიქმნება, პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მიზნით, მომდევნო თვეების განმავლობაში, უზრუნველვყოფთ ყველა პროგრამის სიღრმისეულ შესწავლას და იქ, სადაც უნივერსიტეტებს შორის გვაქვს მსგავსი პროგრამები, მოხდება პროგრამების დადარება და ერთ კომპონენტად შეჯერება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დამატებითი პოზიცია, რომელიც არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას.
„ჩვენ შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა, ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც იქნება დამატებითი და არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“, - განაცხადა მინისტრმა.
