უცხოელებს საქართველოში გიდებად მუშაობა აეკრძალებათ
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 46
მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები საქართველოში გიდებად ვერ დასაქმდებიან, ხოლო ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიმწოდებლებისთვის წლიური 200 კვოტა განისაზღვრა.
აღნიშნულს ითვალისწინებს "შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
რეგულაცია ნაწილია საქართველოში უცხოელების დასაქმების წესის ცვლილების, რომელიც 1-ელი მარტიდან შედის ძალაში და განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან მიმართებით, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით, უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, საიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1 მაისიდან ამუშავდება. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თვითდასაქმებულის/თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ: რამდენიმე წელია, ქართველი გიდების ნაწილი საქართველოში უცხოელი გიდების საქმიანობის რეგულირებას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შესახებ საქართველოს ახალი კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქის გიდად მუშაობას არ კრძალავს. როგორც კანონშია გაწერილი, იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
