პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოა, დიდი წილი ბოთლებსა და პარკებზე მოდის - გარემოს დაცვის სამინისტრო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 3
საქართველოში პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაური კვლევის შედეგებს, რომლის განხილვაც მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საუბარია კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ მეორე ნაწილზე, რომლის განხილვაც სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასით დაბინძურებას, რომელიც შავი ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ სახელდება.
ლაშა ინაურის განცხადებით, კვლევა გასულ წელს დაწყებული სამუშაოს გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც რიონის აუზისა და მისი შენაკადების დაბინძურება შეისწავლეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევა არის გასულ წელს ჩატარებული სამუშაოს გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იყო რიონის მდინარე აუზისა და მისი შენაკადების დაბინძურება. დამატებითი კვლევები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 13 ლოკაციაზე და შედეგებმა აჩვენა, რომ პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია. განსაკუთრებით დიდი წილი მოდის პლასტმასის ბოთლებსა და მათ ფრაგმენტებზე, ასევე ერთჯერად პლასტიკურ პარკებზე. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას და გვაძლევს დამატებით არგუმენტებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, - აღნიშნა ინაურმა.
როგორც სამინისტროს პრესრელიზში წერია, მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის, კლაუს სატლერის შეფასებით, საქართველომ პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ყალიბდება.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, რათა უკეთ გაგვეაზრებინა პლასტმასით დაბინძურების მასშტაბი და ხელი შეგვეწყო ცირკულარული მიდგომების დანერგვაში. სამინისტრომ გადადგა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები, რომლებიც პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს და არეგულირებს გარკვეული ტიპის პლასტიკის გამოყენებას. გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო გადამწყვეტია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობისთვის. საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს და რეგიონში ერთ-ერთ მოწინავედ ყალიბდება. მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა კლაუს სატლერმა, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, წყლის ადიდების პერიოდში მდინარეებში დაგროვილი ნარჩენები ზღვაში ხვდება, რაც შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.
დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ფოკუსირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე და ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვის გაუმჯობესებაზე.
პროგრამა „შავი ზღვის გალურჯება“ მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას. ინიციატივა ორიენტირებულია ზღვის დაბინძურების შემცირებაზე, ეკოსისტემების აღდგენაზე, მდგრადი თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარებაზე, „ლურჯი ეკონომიკის“ და „ლურჯი სამუშაო ადგილების“ ხელშეწყობაზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის აქტიური ჩართულობით.
