“ბრიტანეთში მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული” - მაია ბუწაშვილი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 5
ბრიტანეთში მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული.შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა.
„ბევრი შეკითხვაა ამჟამად ბრიტანეთში მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგადად ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა, რაც ჩვეულებრივ ნაკლებად ხდება ხოლმე, რადგან მენინგოკოკი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.
ამჟამად რამდენიმე დღეში 20 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ლეტალური გამოსავლით, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.
ინფექცია გავრცელდა უნივერსიტეტის სტუდენტებში (University of Kent, Canterbury).
შემთხვევების ნაწილში გამოვლინდა მენინგოკოკი B (MenB). ეს ქვეტიპი არ შედის სტანდარტულად გამოყენებულ ვაქცინაში (MenACWY). ამიტომ ამ აფეთქებასთან დაკავშირებით სთავაზობენ სხვა ვაქცინას, რომელშიც ეს ტიპი შედის.
მენინგოკოკური ინფექციის ეს აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული. შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს”,- წერს ბუწაშვილი.
