იუსტიციის სახლი ბიზნესს 28-29 მარტს, შაბათ-კვირასაც მოემსახურება - მიზეზი

იუსტიციის სახლების 15 ფილიალი მომხმარებლებს 28-29 მარტს, შაბათ-კვირასაც მოემსახურება. მიზეზი 2026 წლის 1 აპრილიდან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებაა, რომელიც 2022 წლამდე რეგისტრირებულ ბიზნესებს ამონაწერის განახლებას ავალდებულებს.

აღნიშნულის გამო ათიათასობით ბიზნესს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება და ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა უწევს. თუკი ისინი აღნიშნულს ვერ მოასწრებენ, მაშინ 2026 წლის 1 აპრილიდან მათ რეგისტრაცია შეუჩერდებათ, რის გამოც ვეღარ გასცემენ ხელფასებს, გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ვეღარ განკარგავენ ქონებას. ამის გამო იუსტიციის სახლებში ბიზნესების გაზრდილი მომართვიანობაა.

"იმისათვის, რომ მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად ბიზნესსუბიექტებმა მაქსიმალურად შეძლონ დარჩენილი დღეების გამოყენება, შაბათს და კვირას, 28 და 29 მარტს, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი, 10:00 - 17:00 საათამდე მომხმარებელს სპეციალურ რეჟიმში მოემსახურება. სერვისი შაბათს და კვირას ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში: თბილისში მდებარე სამივე ფილიალში, ბათუმში მდებარე ორივე ფილიალში, ასევე რუსთავის, გორის, ბორჯომის,მარნეულის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, ხაშურის, ზუგდიდის და თელავის იუსტიციის სახლის ფილიალებში.

იმ ბიზნესსუბიექტებს, ვისაც ჯერ არ მოუყვანიათ მონაცემები კანონთან შესაბამისობაში, აქვთ შესაძლებლობა, დროულად ისარგებლონ შაბათს და კვირას შეთავაზებული სერვისით და თავიდან აიცილონ შეუსაბამობით გამოწვეული შედეგები.

სამუშაო გრაფიკსა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებლებს იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდებზე ან სატელეფონო ცენტრის 2 405 405 საშუალებით შეუძლიათ.

მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული შემდეგი საწარმოებისთვის: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური საწარმოს ფილიალი", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.