დღეიდან, 15 ივნისიდან, ძალაში შედის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომელიც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის (ქალაქის გამოცდა) წესებს ცვლის. ცვლილებები ეხება როგორც დასაშვები შეცდომების რაოდენობას, ისე საგამოცდო პროცესში გამომცდელის როლს.
აქამდე მოქმედი წესით, ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე კანდიდატი იმ შემთხვევაში იჭრებოდა, თუ 12-ზე მეტ მსუბუქ შეცდომას დაუშვებდა. დღეიდან ეს ზღვარი გაიზარდა: მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე ჩაჭრილად ჩაითვლება, თუ ის 15 ან მეტ მსუბუქ შეცდომას დაუშვებს.
ბრძანებაში ჩნდება ახალი პუნქტები, რომლებიც გამომცდელსა და კანდიდატს შორის კომუნიკაციას არეგულირებს.
თუ კანდიდატი ვერ ასრულებს (ან არასათანადოდ ასრულებს) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გარკვეულ მოთხოვნებს (მაგალითად, ავტომობილის მართვის დაწყებამდე უსაფრთხოების შემოწმება), გამომცდელი ვალდებულია მისცეს მას გონივრული დრო და შანსი, რათა ეს უნარ-ჩვევა განმეორებით გამოავლინოს ან შეცდომა აღმოფხვრას.
გამომცდელი კანდიდატს მიმართავს თავისუფალი თხრობით, თუმცა შინაარსობრივი მითითებით. მაგალითად: „გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“.
ამ პროცესში გამომცდელი უფლებამოსილია თავად გააჩეროს საგამოცდო მანქანა ან კანდიდატს მისცეს მისი გაჩერების მითითება.
კონკრეტული შეცდომები (რომლებიც ეხება უსაფრთხოების ზოლების, სარკეების, სავარძლის გასწორებას, ძრავის ამუშავებას და ა.შ.) კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუფიქსირდება, თუ ის გამომცდელის მიერ მიცემული მითითების შემდეგაც ვერ შეასრულებს შესაბამის მოქმედებას.
მინისტრის ბრძანების სხვა პუნქტები (რომლებიც ეხება თეორიულ გამოცდაზე ბილეთების რაოდენობას, მეორე ეტაპის რიგის ჯავშნის ახალ ალგორითმს და გორისა და ბათუმის ახალ საგამოცდო მარშრუტებს) ძალაში გამოქვეყნებისთანავე, უფრო ადრე შევიდა, ხოლო შეცდომების ლიმიტისა და გამომცდელის მითითებების წესი სწორედ დღეიდან, 15 ივნისიდან ამოქმედდა.