28 ივლისს რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქის ქალაქ ნორილსკში ინგილო ქართველი მოზარდი საკუთარ სახლში, დენის დარტმის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.
15 წლის ემილ რამაზანოვი, წარმოშობით ზაგათალას რაიონის დაბა ალიაბადიდან (ისტორიული ელისენი) იყო.
შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ემილ რამაზანოვის ცხედარი 2 აგვისტოს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში ჩამოასვენეს და იგი დღეს დაკრძალეს ალიაბადის სამაროვანზე (ასე უწოდებენ საინგილოში სასაფლაოს).
აღსანიშნავია, რომ ნორილსკის ქართული დიასპორა რამდენიმე ათასი ეთნიკური ქართველისგან შედგება და მათი აბსოლიტური უმრავლესობა საინგილოდან, ზაქათალის რაიონიდანაა. ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ეთნიკური ქართველებისუმრავლესობას (იშვიათი გამონაკლისისგარდა) საბჭოთა პერიოდში პასპორტებში ძველი ინგილოური, ქართული გვარები აზერბაიჯანული გვარებით შეუცვალეს. სამწუხაროდ, ასე იქცა რამაზაშვილი „აჰმადოვად“, აბულაშვილი „რამაზანოვად“, თამაზაშვილი „ჰუსეინოვად“, იაშვილი „ჰუსეინოვად“, „აბდურახმანოვად“, ქევხიშვილი „ველიევად“, „შაბანოვად“, „მამედოვად“, ნატროშვილი, ანდრიაშვილი „მურადოვად“, ტატიშვილი „ბალაჯაევად“, „მამედოვად“, ზურაშვილი „დედეევად“, მამულაშვილი „სემედოვად“, ბიჭიკაშვილი, თოხლიაშვილი „შაბანოვად“, ჯათაშვილი „აბდულაევად“, ნოვრუზაშვილი „ნოვრუზოვად“, რამაზაშვილი „რაგიმოვად“, „რამაზანოვად“, ნაცვლიშვილი „ჰაჯიმურადოვად“ და ა. შ.
ავტორი: გიორგი კერესელიძე