დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა - შსს შეტყობინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა.

მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიც ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ "ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.