გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება და ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში