"როგორც ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა" - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში, იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე. 

„ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენ მუშაობაზე. 
რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად, დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინებაა. ეროვნულმა ბანკმა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები 1.3 მლრ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აგვისტოს ჩათვლით, სავარაუდოდ, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 1.5 მლრდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლევანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გაწეული სამუშაოსთვის და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს 1.50 ლარად, რქაწითელსა და სხვა საღვინე ჯიშებს  - 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

 

„გაგრძელდება ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათას ტონა და იმისათვის რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების მაქსიმალურად ეფექტიანი და რაციონალური გამოყენება.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასული თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით, ეს შეეხო სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც მოქმედებენ ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ. მთლიანობაში, სახელმწიფო საწარმოების ნაწილში, წლიურ ჭრილში დანაზოგმა შეადგინა, 700 მლნ ლარზე მეტი, ეს შეეხება როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე უახლოეს კვირებში დაგეგმილ ღონისძიებებს. ჩვენ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განვახორციელეთ, თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალა, შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები და ამ ყველაფერმა მოგვცა, საბოლოო ჯამში, ცვლილებების განხორციელების საშუალება. ეს შეეხება ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს, რკინიგზასა და სხვა საწარმოებს. რკინიგზასა და სხვა სახელმწიფო საწარმოებზე მოგვიანებით მოგახსენებთ, დღეს მინდა, დეტალურად მოგახსენოთ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ ოპტიმიზაციაზე. ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად, ჩვენ, წლიურ ჭრილში, მივიღეთ 22.6 მლნ ლარის დანაზოგი, რაც შთამბეჭდავი შედეგია. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებასა და ა.შ. ამ ნაწილში, ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა 348.6 მლნ ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებითა და მიდგომით შესაძლებელია ხარჯეფექტიანობის თვისობრივად გაუმჯობესება. ეს თანხები ჩაბრუნდება ეკონომიკაში, რეალურად მოხმარდება ეკონომიკას, შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების რესურსების გაძლიერებას და რამდენად შეუწყობს ეს ყველაფერი ეკონომიკის განვითარებას ხელს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ეს დაზოგილი თანხები მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზეა ორიენტირებული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, გარდა საწარმოებისა, ოპტიმიზაცია განხორციელდა სამინისტროებშიც და ჯამში, ამ ყველაფერმა, მთავრობას მრავალი მლნ ლარის დაზოგვის საშუალება მისცა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, რეორგანიზაცია განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქაც, წლის ჭრილში, ჯამურად დაიზოგა 2 მლნ 641 ათასი ლარი, რაც ასევე შთამბეჭდავი შედეგია მთლიანი სახელფასო ფონდის გათვალისწინებით. ასევე, თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია და დანაზოგმა შეადგინა 6 მლნ 463 ათასი ლარი. აქაც შთამბეჭდავი შედეგია. არამხოლოდ შეასუსტებს ეს ყველაფერი შესაბამისი სამინისტროების საქმიანობას, არამედ ეს ოპტიმიზაცია ხელს შეუწყობს, რომ სამინისტროებმა კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესონ საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი. ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, ჯამურად, დაიზოგა 2 მლნ ლარი. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივით, ყველა სახელმწიფო უწყებასა და საწარმოში გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს და არც თუ ისე მცირე იყო მათი რაოდენობა, მიეღოთ მაღალი ხელფასი მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის მისაღები პრაქტიკა და შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხეთ ამ პრაქტიკას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით. მარტო ამ კანონის ამოქმედებამ ჩვენ მოგვცა სახელმწიფო უწყებებში და საწარმოებში, მთლიანობაში, მრავალი მლნ ლარის დაზოგვის შესაძლებლობა,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მთავრობას ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.


„დღეს პირველად ვატარებთ მთავრობის სხდომას განახლებული სამუშაო მაგიდით და ასევე განახლებული შემადგენლობით. ჩვენ დიდი ხანი გვქონდა პაუზა, პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას ჩვენი კოლეგები ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და ბატონი გივი მიქანაძე. მათ მინდა ვუსურვო წარმატებები. პრინციპში, მათ უკვე აქტიურად დაიწყეს მუშაობა შესაბამისი მიმართულებებით და უკვე გვაქვს სერიოზული წარმატებები. ეს არის ის ორი სფერო, სადაც განსაკუთრებული გეგმები გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მარიამის და ბატონი გივის ხელმძღვანელობით როგორც ეკონომიკაში, ასევე განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა. გვაქვს ამბიციური გეგმები ორივე სფეროში. მათ შორის განათლების ამბიციური რეფორმა გვაქვს დაგეგმილი. არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ ზოგადი განათლების დონეზე გვჭირდება უამრავი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუშაობით ამ ყველაფერს წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე. რაც შეეხება ეკონომიკას, გვაქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, თუმცა ამ სწრაფი ტემპის დაჩქარებაც არის შესაძლებელი. იმ გეგმებით, რომელიც უკვე განვიხილეთ ქალბატონ მარიამთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება შთამბეჭდავი შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც. 

„როდესაც ვსაუბრობთ ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ზოგადად, მთავრობის საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტიანობაზე, ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ საკითხს, ეს არის  პირდაპირი ფორმით პრივატიზების საკითხი. ჩვენ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც. კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. შესაბამისად, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული, თუმცა ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ. 

 

„როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული და შეუძლებელი, თუმცა გვინდა, დავადგინოთ ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ახალი სამუშაოები დაექვემდებარება შესაბამის ვიზუალურ სტანდარტს. ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ და არა ზედაპირზე იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ დასახლებების იერსახეზე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში თითოეული დასახლების იერსახეზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.