ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

Eagle Hills-ის პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი შესაძლებლობები მომიჯნავე ბიზნესებისთვის და უმძლავრესი სტიმული  ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა განავითარებს თბილისისა და ბათუმის ურბანულ იერსახეს, შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრებს და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის და რეგიონის მთავარი საინვესტიციო ცენტრის სტატუსს.
ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს, EMAAR-ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. 
გისურვებთ წარმატებებს და საქართველოს მთავრობის სახელით გპირდენით სრულ მხარდაჭერას და თანადგომას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება.

 

„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.

უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს”, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია, საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.

 

„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე,  შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმზე მოწვეულ სტუმრებთან შედგება მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან და განსაკუთრებულ ყურადღება გამახვილდება საქართველოს როლზე.

 

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ამას ემსახურება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით ტარდება. ჩვენს სტუმრებთან ერთად საუბარი გვექნება ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან და განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ამ კუთხით საქართველოს როლზე. საქართველო ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანას ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღვუდგინოთ. ამისთვის ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით  ჩვენს სამეზობლოში შემავალ ქვეყნებთან. ბუნებრივია, ეს ფორუმიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენი გზავნილები ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდის მაღალი მაჩვენებელია. 

„ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ არის მაღალი ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მისი ეკონომიკური გარემოს და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ასეთი ტიპის პროექტები, როგორიც არის Emaar-ის  Eagle Hills-ის პროექტი, რომელიც დაიწყება ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს  ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას საქართველოში“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნაბიჯები, რაც გადაიდგა, კონკრეტული პროცესების შეჩერებასთან დაკავშირებით, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას.

„ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე. შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის. ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა, ანუ, კონკრეტული მიმართულებებით პროცესების შეჩერება, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი მოემსახურება ჩვენი მიზნის მიღწევას - თვითკმარობის უზრუნველყოფას. მთლიანად პრაქტიკა იყო პრობლემური. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიქნებით გადართული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ძალიან მალე ნახავთ სიახლეებს ამ მიმართულებით. ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფოს ჩართულობასაც, თუმცა, რა თქმა უნდა, კერძო ჩართულობაც განიხილება. შეიძლება იყოს შერეული პროექტები“, - განაცხადა პრემიერმა.