საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს - ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს.
„დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში, მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება - ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.
სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.
„გულითადად მოგესალმებით და მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ თბილისში, მეხუთე საიუბილეო „აბრეშუმის გზის ფორუმზე“.
2015 წელს, როდესაც ამ ფორუმს საფუძველი ჩაეყარა, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა პლატფორმა დიალოგისთვის. დღეს, ათი წლის შემდეგ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შეხვედრების ადგილი. ის იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.
განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. თქვენი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გვაქვს საერთო ხედვა - ერთობლივი ძალისხმევით ვაქციოთ ჩვენი რეგიონი მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა. ასევე, ძალზე გვახარებს მაღალი რანგის სტუმართა ჩამობრძანება ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის მონაწილეობა, რაც ამ ფორუმს გლობალურ მასშტაბს სძენს.
სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი იმართება საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად. საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს, მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების და, ამავდროულად, შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ, საკვანძო მნიშვნელობას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა - ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში - სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს სლოგანი ამავდროულად ზუსტად ასახავს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას.
„დღეს, როდესაც მსოფლიო ტრადიციული სავაჭრო გზებისა და მიწოდების ჯაჭვების გადაფასების, ახალი მარშრუტების ძიების პროცესშია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის მყარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ფორუმი არის პლატფორმა კონკრეტული შედეგებისთვის.
„ათი წლის განმავლობაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა, 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის შესახებ; ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის 3-მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეები შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი, წარმატებული პროექტები დაიგეგმოს.
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს.
მადლობას ვუხდი ფორუმის ყველა ორგანიზატორს გაწეული უდიდესი შრომისთვის. მადლობა თითოეულ დელეგატს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომელთა მონაწილეობაც ამ ფორუმს ასეთ მაღალ დონესა და საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.
მჯერა, ეს ორი დღე ახალი იდეების, პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო წარმატების დასაწყისი გახდება. ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიზანია, კიდევ უფრო მეტად განავითაროს დაკავშირებადობის პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება.
„ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე ორიენტირებული თანამშრომლობაზე და მოხარულები ვართ, რომ დღეს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ვართ გაერთიანებულები მშვიდობის იდეის გარშემო. აქ სწორად აღინიშნა ყველას მიერ, რომ მშვიდობა არის განვითარების აუცილებელი პირობა და უნდა გავაგრძელოთ ამ სულისკვეთებით მოქმედება. ვიდეორგოლში იყო წარმოდგენილი საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა, დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, გეგმები არის ამბიციური, ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩვენი ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ჩქაროსნული მაგისტრალების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, პორტების, აეროპორტების. რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი როლი აქვს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვაკავშირებთ სულ მცირე შვიდ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთთან, ევროპასთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ამ კუთხით აქვს ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი მოცემულობაც არის საკმაოდ კარგი. ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ გასული ათი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. მაგალითად, საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით 2023 და 2024 წლებს შორის თხუთმეტმაგი სხვაობა იყო ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის კუთხით. რაც შეეხება ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, აქაც გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან დასავლეთის მიმართულებით გაიარა 2,5 მილიარდ ბარელზე მეტმა ნავთობმა. 127 მილიარდმა კუბურმა მეტრმა ბუნებრივმა გაზმა. რა თქმა უნდა ეს მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური კავშირების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის. ეს არის ჩვენი მიზანი, მაქსიმალურად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებითაც.
„როდესაც საუბარია ენერგეტიკულ და ციფრულ დაკავშირებადობაზე, აქაც გვაქვს ამბიციური გეგმები. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს რეგიონის ციფრულ ჰაბად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის იდეის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ჩვენს გარშემო. ეს არის ევროპასა და აზიას შორის მყარი ეკონომიკური კავშირების უზრუნველყოფისთვის და ჩვენი ქვეყანა მზად არის ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველო არის საიმედო პარტნიორი მეზობელი ქვეყნებისთვის.
„კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა მშვიდობის მნიშვნელობას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა. ასევე, მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში, ფართო რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს, ტრანზიტს და ა.შ. საქართველო ყოველთვის სწორედ ასეთ საიმედო პარტნიორის როლს ასრულებდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის. მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური კუთხით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. რა თქმა უნდა, ორიენტირებული ვართ მაქსიმალურად ამ თანამშრომლობის განვითარებაზე.
ასევე, ცენტრალური აზია ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ვფიქრობთ, ამ კუთხით არის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ განვითარდეს თანამშრომლობა და ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო საინტერესოა ყველა ქვეყნისთვის დაკავშრებადობის თვალსაზრისით, იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ევროკავშირთან, EFTA-ის ქვეყნებთან, ასევე დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. რა თქმა უნდა, ესეც აძლიერებს ჩვენს პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით.
ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვართ მშვიდობის განმტკიცებაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ. ყველა მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობის და პარტნიორობის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.