სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები 21.0 პროცენტით მომატებულია ხილსა და ყურძენზე, ბოსტნეული და ბაღჩეული 19.4 პროცენტით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 17.2 პროცენტით, თევზეული – 16.9 პროცენტით. ფასებმა 13.9 პროცენტით მოიმატა ზეთსა და ცხიმზე. პური და პურპროდუქტები 12.4 პროცენტითაა გაძვირებული, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 10.4 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 10.2 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 8.1 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.9 პროცენტით;
„ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.3 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.2 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.9 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
