"ნარინჯისფერი რთველი დეკემბრიდან გააქტიურდება" - რა ეღირება წელს მანდარინი?

აჭარაში ნარინჯისფერის რთველისთვის მზადება დაწყებულია და ოქტომბრის ბოლოს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბმად მუშაობა უკვე დაიწყო. თუმცა დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნარინჯისფერი რთველი დეკემბრიდან გააქტიურდება და ფერმერებისგან შესასყიდი 1 კგ ციტრუსის ღირებულება 1-1.20 ლარი იქნება.

ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი 29 ოქტომბერს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ შტაბის მუშაობის მიზანია ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად აღება, დაბინავება და რეალიზაცია. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ციტრუსის მოსავალი 60–65 ათას ტონას მიაღწევს. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული (სამრეწველო გადამუშავების) მანდარინის სუბსიდია 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს კი გადამმუშავებელი საწარმო გადაიხდის, რაც საერთო ჯამში 40-თეთრიან ფასს განსაზღვრავს.

ნარინჯისფერი რთველის მოლოდინებზე  კომპანია „აგრო ინვესტ სერვისის“ დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, რეგიონში ციტრუსის მასობრივი კრეფა ჯერ არ დაწყებულა, ხოლო ბაზარზე კი მცირე რაოდენობით ადრემწიფებადი ჯიშებია. " ამ დროისთვის ღია ბაზრობებზე კილოგრამი მანდარინის ფასი 2–2.5 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ფასია", - აღნიშნავს დარგის წარმომადგენელი.

მისი მოლოდინით, მას შემდეგ, რაც ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის დასაწყისში მანდარინის მასობრივი კრეფა დაიწყება, ხარისხიანი ნაყოფის ფერმერისგან შესასყიდი ფასი დაახლოებით 1–1.20 ლარის ფარგლებში იქნება.

„წელს მანდარინის ძირითადი მოსავალი დაგვიანებით მომწიფდება. ამინდები ხელს არ უწყობს, ნაყოფი ჯერ მწვანეა, ამიტომ ვფიქრობ, მასობრივი კრეფა დეკემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.

რაც ახლა იყიდება, ეს უმნიშვნელო რაოდენობის ადრემწიფებადი ჯიშებია, ძირითადად ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ასეთი მოსავალი მაქსიმუმ 300–400 ტონა იქნება და 90%-ით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება“, - ამბობს მკურნალიძე და დასძენს, რომ ბოლო წლებში ადრემწიფებადი ჯიშების გაშენება იზრდება, თუმცა ამ მიმართულებით რეალური შედეგი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესამჩნევი.

კომპანია „აგრო ინვესტ სერვისის“ დირექტორი მოსავლიანობის საპროგნოზო მოლოდინებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მხოლოდ აჭარის მონაცემებით შეფასება არ არის სწორი, რადგან ექსპორტიორები მანდარინს გურიასა და ნაწილობრივ სამეგრელოშიც იძენენ: „ჩემი ხედვით, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, აჭარა, გურია და სამეგრელო ერთად თუ გავითვალისწინებთ - ციტრუსის საერთო მოსავალი დაახლოებით 60–70 ათას ტონამდე იქნება“.

წყარო: BM.GE