2025 წელის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 12.9 პროცენტით ნაკლები მგზავრი გადაიყვანა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს

რკინიგზით გადატანილია 1.4 პროცენტით ნაკლები, სულ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 9.5 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.4 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე, რაც არ მოიცავს ტრანზიტს, ხოლო 58.1 პროცენტი — ტრანზიტზე.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.3 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.7 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.

უწყების ანგარიშით, საანგარიშო პერიოდში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას აზერბაიჯანი წარმოადგენდა, 29.1 პროცენტის გამომგზავნს — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო, ჯამურად 38.9 პროცენტი.

2025 წლის მესამე კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.1 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 11.6 პროცენტისას — ყაზახეთი, 6.3 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო, ჯამურად 60.0 პროცენტი.

2025 წლის მესამე კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი — ნიდერლანდები, 10.0 პროცენტი — თურქეთი, 7.2 პროცენტი — ჩინეთი, 2.9 პროცენტი — იტალია, 2.4 პროცენტი — უკრაინა, 0.7 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 9.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.6 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.6 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

2025 წლის მესამე კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 59.8 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.2 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.0 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები, ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები, სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები, ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი, ძირითადი ლითონები და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები; ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (25.3 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (24.9 პროცენტი), ძირითადი ლითონები (16.1 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.6 პროცენტი).

2025 წლის მესამე კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.9 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (40.9 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (31.1 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.9 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 589.1 ათასი მგზავრი, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 144.9 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 10.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 573.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.3 პროცენტს შეადგენს და 13.0 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 15.6 ათასი მგზავრი, რაც 9.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 78.3 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 21.7 პროცენტი. 2025 წლის მესამე კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.