ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განახადა.
პრემიერის თქმით, დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის.
„ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის, კონკრეტული დათქმით, დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ.
ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.
რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც.
კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად 2 მიზანს - ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი.
„ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა ვუსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ენერგეტიკის სფეროს მართვის გასაუმჯობესებლად. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა. ბუნებრივია, დაზოგილი თანხები მთლიანად ენერგეტიკის სისტემის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.
ოპტიმიზაციის პარალელურად, ჩვენ სრულად გადავხედეთ ენერგეტიკულ პოლიტიკას. თვეების განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა სექტორში არსებული ყველა გამოწვევის ანალიზი, გამოვლინდა და აღმოიფხვრა მანკიერი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი, მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს.
„დღევანდელი მდგომარეობით, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 15,000 მეგავატის პოტენციური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები. სახელმწიფოს ამოცანაა, ერთი მხრივ, გაცხრილოს სპეკულაციური პროექტები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა არ აქვს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტის სწრაფ განვითარებას, რომელსაც კეთილსინდისიერი ინვესტორი ყავს და რომლის მშენებლობასაც კომპანია სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება.
გასული წლების განმავლობაში, ასეთ კომპანიებსაც შეექმნათ სირთულეები, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებთან და დაინტერესებულ ინვესტორებთან და ვისმენთ დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს. ამგვარი დიალოგისა და კონსულტაციების საფუძველზე, ნათლად გამოიკვეთა, რომ სექტორს განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროება.
ჩვენი მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი და მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს. ჩვენ გვინდა სრულად გადაიტვირთოს პროცესი და განახლდეს ენერგეტიკის სისტემის შეუქცევადი განვითარება სუფთა ფურცლიდან, ორმხრივად გაწერილი ვალდებულებებით და შეთანხმებულ ვადებში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შემუშავდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად ფართოდ არის ასახული სოციალური პრიორიტეტები.
„ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, ეს არის მათ შორის ჯანდაცვის თემები, სოციალური საკითხები და ა.შ. მესამედზე მეტი განკუთვნილია სოციალური პრიორიტეტების დაკმაყოფილებისთვის. გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც. 8 მილიარდზე მეტია კაპიტალური დანახარჯები, რაც მთლიანობაში გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამასთანავე ეკონომიკის სტიმულირებას. აქ არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული რეფორმების, მათ შორის განათლების რეფორმის განხორციელებასთან და ა.შ. ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავითარ ე.წ სახელმწიფო საზღვარს არ აღიარებს.
„ჩვენ არავითარ ე.წ სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არის ძალაში და არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკომისიის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დაკავშირებადობას ეძღვნება, საქართველოს არმიწვევა არასერიოზული მიდგომაა.
„ევროკომისიის ეგიდით გაიმართა ეს შეკრება და ევროკომისიას მიაჩნია, რომ ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, საქართველოს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. 7 ქვეყანა მიიწვიეს უმაღლეს დონეზე და საქართველო - ელჩის დონეზე. სხვა სამიტიც გაიმართა, სადაც საქართველო საერთოდ არ იყო მიწვეული. არის 8 ქვეყანა და საქართველო მათ შორის იყო ყველაზე არადემოკრატიული და საქართველო იყო ერთადერთი, რომელსაც არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი და ვერ ეხმარებოდა სხვა ქვეყნებს ზღვასთან კავშირში. აქამდე არის დასული ევროკომისია. რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს. მძიმე მდგომარეობაა. ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. თავად განსაჯეთ, რაღაც სერიოზულობა ხომ უნდა ჰქონდეს ამ მიდგომას. მძიმე მდგომარეობაა ევროკავშირში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება ეს მძიმე მდგომარეობა. ნებისმიერ ქვეყანაში, ან ნებისმიერ სტრუქტურაში შეიძლება, მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს დადებითი მდგომარეობით. ჩვენ გვაქვს ეს ოპტიმიზმი. 8 ქვეყანაა, საკითხი ეხება დაკავშირებადობას. 8 ქვეყნიდან 7 არის ზღვასთან გასასვლელის არმქონე, 5 შუა აზიის ქვეყანა და 2 სამხრეთ კავკასიის ქვეყანა. 7-დან არც ერთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და მთავარი საკითხი არის ზღვაზე გასვლა. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ზღვაზე გასასვლელი ამ 7 ქვეყნისთვის და 7 ქვეყანას იწვევ და მე-8-ს არა, ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ მემგონი საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოთ მიკერძოების მიუხედავად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ერთის მხრივ, ახალი შენობების მშენებლობა და მეორეს მხრივ, საინვესტიციო მიზნებით კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას.
„ჩვენი საჯარო მოსამსახურეებისთვის შრომის პირობები ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, გვაქვს ასეთი გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ჯერ დაზუსტებული არ არის, რომელ უწყებებს შეეხება. ეკონომიკური აქტივობა ერთი მხრივ იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც და მეორე მხრივ, როდესაც საინვესტიციო მიზნებით მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძემ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რამდენიმე უწყება იყო ჩართული. მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დამკვიდრებული იყო არაერთი მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის - გადაყიდვები.
„იყო მანკიერი პრაქტიკები სხვადასხვა მიმართულებებით, რასაც ჩვენ ვებრძოდით ამ თვეების განმავლობაში და ეს ყველაფერი ნელ-ნელა იწმინდება. მაგალითისთვის - ეს იყო გადაყიდვების პრაქტიკა. ანუ, ჰაერზე გაიცემოდა ნებართვები, ხდებოდა კონკრეტული ტერიტორიების მონიშვნა, სადაც შეიძლებოდა აშენებულიყო ჰესი, ან ჰესის სადგური, ან ქარის სადგური და, რეალურად, ნულიდან ცდილობდნენ კონკრეტული ადამიანები ნებართვის გადაყიდვას საკმაოდ დიდ ფასებად. 1 მგვტ-ში შეეძლოთ, აეღოთ 20 000 აშშ დოლარი. ეს პრაქტიკა იყო, მაგალითად, ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ენერგეტიკის განვითარება. ჩვენი სურვილია, მთლიანად გავხსნათ ეს პროცესი, მათ შორის, მთლიანად აღმოიფხვრება გადაყიდვის პრაქტიკა, სპეკულანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ამ სექტორში. გარდა ამისა, გვაქვს ეჭვი, რომ ხელოვნურად ფერხდებოდა გარკვეული ნებართვების გაცემა, ხან პირიქით, ხელოვნურად ჭარბად გაიცემოდა გარკვეული ნებართვები. ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს, გაიფილტროს და მთლიანად უნდა გაიხსნას პროცესში. ჩვენ გვჭირდება სერიოზული შედეგების მიღწევა ენერგეტიკის სფეროში, დღეს, ჩვენი გენერაცია, დაახლოებით, არის 4 700 მგვტ, 3 200 იყო 2012 წელს და გაიზარდა, დაახლოებით, 4 700-მდე და ჩვენი სურვილია, 8 000-მდე ავიდეთ 4-წლიან პერსპექტივაში, რაც ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა რეალურია. დღეს, არის გაცემული 15 000 მგვტ-ზე მთლიანობაში ნებართვები, პროცესები არის დაწყებული, თუ ჩვენ გავხსნით პროცესს, ეს მიზნები არის მიღწევები და სწორედ ამას ემსახურება დავალიანებების ჩამოწერა, რაზეც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც ენერგორესურსების ნაწილში რუსეთზე დამოკიდებულებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ გენერაცია შესაბამის ნიშნულამდე გაიზრდება, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, გახდეს სრულად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით.
„ჩვენ თუ გავზრდით გენერაციას შესაბამის ნიშნულამდე, ეს ნიშნავს, რომ ვიქნებით სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა დარჩება დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე, ნავთობზე, სადაც რესურსები ჩვენ არ გვაქვს. როცა საუბარია თვითკმარობაზე, აქ იგულისხმება 12 თვის განმავლობაში თვითკმარობა, ანუ პრინციპულ თვითკმარობაზეა საუბარი, სრულ თვითკმარობაზე. ასეთ შემთხვევაში, უკვე მეტი საექსპორტო ელექტროენერგია შეიძლება, შეიქმნას ქვეყანაში. ამას სჭირდება პროცესების დაჩქარება, ბოლო 4 წლის განმავლობაში მაინცდამაინც სწრაფად არ წარიმართებოდა პროცესები, თუმცა იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მივიღეთ, არსებითად დაჩქარდება პროცესები. მეტი ინვესტიციები ჩაიდება ჩვენი მხრიდანაც, 349 მლნ ლარი დაიზოგა მარტო პროექტების ოპტიმიზაციის შედეგად, მაგალითად კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და სხვა მიმართულებებით, წლიურ ჭრილში იზოგება 25 მლნ ლარი, 4 წელიწადში ეს არის 100 მლნ და ესეც ჩაბრუნდება სისტემის განვითარებაში, მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
