პარლამენტმა 78 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ არის მომზადებული და კანონპროექტით შემოდის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება.
თუკი აქამდე VASP-ების რეგულირება მათი რეესტრის წარმოებით და ლიცენზიების გაცემით შემოიფარგლებოდა, ახლა სებს VASP-ების საქმიანობის უფრო ყოვლისმომცველი რეგულირება შეეძლება, რაც კლიენტთა მომსახურების საკითხებსაც დაარეგულირებს.
ახალი კანონით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან ადგილზე ან დისტანციურად, დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშება, დაადგინოს კაპიტალის აქტივებისა და რისკების მართვის სტანდარტები, განსაზღვროს რისკების ჩარჩო და შემოიღოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. ასევე, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მათთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები.
კანონის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.
ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელიც ასევე ჩაითვლება ვირტუალური აქტივის მომსახურებად.
