"მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით..." - პრემიერი

ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას, ამ წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ისტორიაში პირველად გადასცდება 100 მლრდ-ს, ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, ხოლო მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით - 30 000 დოლარს.

„100 მლრდ-ს პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა, ასევე ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს გადასცდება პირველად და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 30 000 აშშ დოლარს. ასევე, სავარაუდოდ, სავალუტო რეზერვები გადასცდება პირველად ისტორიაში 6 მლრდ აშშ დოლარს. უპრეცედენტო ეკონომიკური შედეგებით ვასრულებთ 2025 წელს. ბუნებრივია, ეს ზრდა აისახა პირდაპირ ბიუჯეტის ზრდაზე და ამან მოგვცა ყველა მიმართულებით დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კვლავ სოციალური სფერო და ბიუჯეტის მესამედზე მეტი მოხმარდება სოციალურ დანახარჯებს, ეს არის, მათ შორის, ჯანდაცვის დანახარჯები, ეს არის პენსიები, სოციალური შემწეობები და ა.შ. ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება სერიოზული დაფინანსება, 8.2 მლრდ ლარი იქნება დაახლოებით მთლიანი კაპიტალური დანახარჯები, რაც არის გათვალისწინებული ბიუჯეტში და ეს ეკონომიკის სტიმულირებას დამატებით უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, განათლების რეფორმა, რასაც თავისი ბიუჯეტი სჭირდება და ესეც გათვალისწინებული და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველა მიმართულებით გვექნება თანმიმდევრული ზრდა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის დამატებით სტიმულირებასა და განვითარებას, რაც არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ინვესტიციის წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავ-ბნელი ძალების კამპანიას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.

„გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა საშუალოდ 9,8% ეკონომიკური ზრდა, წელსაც 7,5%-ით დავასრულებთ წელს. გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონშ. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებული არიან არაკეთლმოსურნეები და როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იგივეს „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე. ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში. ერთი დეტალი კარგად აჩვენებს კოორდინაციას - კამპანია აწყებინეს „ლელოს“ და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან. თუ დააკვირდებით ბოლო 1-2 კვირას, „ლელო“ გაწეული ჰყავთ კამპანიიდან. ანუ ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გაწიეს და ეს კამპანია არსებითად გადააბარეს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“. კონკრეტული შავ-ბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. „ალტ ინფოზე“ კონკრეტული მიზეზიც გითხარით. ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს იმ პროცესებიდან, რაც ვითარდება. ანუ „ლელოს“ დააწყებინეს, მერე გაწიეს „ლელო“, გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, იქ ჰყავთ კიდევ ჩართული უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, რეალურად ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ ნაკლი არ აქვს. არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. 11 მილიარდი მარტო ერთი პროექტიდან. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება, ყველაფერზე გავაკეთეთ განმატებები. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი, ბუნებრივია, არის სპეკულაციები. არის უპრეცედენტო ინვესტიცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამ ინვესტიციას ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე. ამ პირობებში „ალტ ინფო“, „ლელო“, ნაცები და ეს შავ-ბნელი ძალები აწარმოებენ კამპანიას ამ ინვესტიციის წინააღმდეგ, ამასაც საზოგადოება ბუნებრივია, სათანადოდ შეაფასებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასწორად იყო დალაგებული მართვის სისტემა, მათ შორის იყო გადაყიდვის პრაქტიკა, რაც პირდაპირ აფერხებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას კონკრეტულად, ჰესების, მზის ელექტროსადგურების, ქარის სადგურების მშენებლობას.

 

„ამ ყველაფრისგან გავწმინდეთ ჩვენ სისტემა, იმისათვის, რომ ყველა დაბრკოლება მოგვეხსნა ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი გავაკეთეთ დარგის სპეციალისტებთან და შესაბამის კომპანიებთან კონსულტაციების საფუძველზე. იყო ხელოვნური დაბრკოლებები შექმნილი, აქ არ ვიცი, შეიძლება, იყო სხვადასხვა ტიპის ინტერესები, არ მინდა არ შევიდე, შეიძლება კონკრეტული უწყებები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და შეიძლება, დაინტერესებულიც არიან უკვე. შეიძლება, კორუფციული ინტერესებიც იყო აქ და ამას გამოიძიებენ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებები. 

 

ენერგეტიკის სფეროში კონკრეტული საქმეებიც არის აღძრული და ეს შეიძლება, ამ პრაქტიკებთანაც იყოს დაკავშირებული. ამას სჭირდება ჩაძიება, მაგრამ ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავრია, რომ ყველა ხელოვნური ბარიერი მოიხსნას. ერთ-ერთი ბარიერი, რაც ხელოვნურად დაგროვდა არასწორი პრაქტიკების საფუძველზე იყო სწორედ ეს დავალიანებები, რაც ჰქონდათ შესაბამის ენერგეტიკულ კომპანიებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველასთვის უკლებლივ ამ ჯარიმების და საურავების ჩამოწერის თაობაზე. დათქმით გავაკეთეთ ესეც, დათქმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისმა კომპანიამ უნდა დაიწყოს შესაბამისი პროექტის განხორციელება, ან განაახლოს შესაბამისი პროექტის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა და საუბარი აღუდგება. ამ დათქმით, ჩვენ გვინდა წავახალისოთ ყველა კომპანია, რომ სათანადო ვადებში განახორციელონ შესაბამისი პროექტები. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება და სხვა გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას. რეალურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვქონდა სერიოზული ჩამორჩენა, მანამდე გვქონდა ძალიან სერიოზული განვითარება ძირითადად 2013-2019 წლებში და შემდეგ ტემპები შენელდა, სწორედ ამ არასწორი პრაქტიკების საფუძველზე. რა ტემპიც გვქონდა ჩვენ აღებული 2013 წლიდან, 2019 წლის ჩათვლით, ვფიქრობთ, შეგვიძლია იმას დავუბრუნდეთ უკვე მომავალი წლიდან და ეს გადაწყვეტილებები ქმნის საუკეთესო საფუძვლებს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.