ქონების პირდაპირი მიყიდვა არანაკლებ ₾100 მლნ-ის ინვესტიციის სანაცვლოდ - მთავრობამ ახალი წესები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ახალი წინაპირობები დაადგინა.  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ძალაში 2026 წლის 12 იანვრიდან შედის, განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც ბიზნესს ან ფიზიკურ პირებს სახელმწიფო ქონება აუქციონის გარეშე გადაეცემათ.

ახალი წესების მიხედვით, მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისოს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვილი ინვესტიციებია:

ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელია, თუ მყიდველი აიღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს (დღგ-ს გარეშე).
თუ ბიზნესმენს უკვე აქვს საკუთარი ქონება, რომელშიც 100 მილიონი ლარი უკვე დააბანდა (რაც აუდიტით უნდა დადასტურდეს) და მას გვერდით მდებარე სახელმწიფო მიწა სჭირდება ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად, სახელმწიფოს შეუძლია ეს ქონება პირდაპირ მიჰყიდოს.
დადგენილების მიხედვით, გარდა მსხვილი ბიზნესისა, პრივატიზების ეს ფორმა გამოყენებული იქნება სოციალური მიზნებისთვისაც:

დევნილების და ეკომიგრანტების საცხოვრებელი: სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, ქონება შეიძლება გადაეცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს ან სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად;
ინფრასტრუქტურული პროექტები: ენერგეტიკის, წყალმომარაგების, გზების ან საბაგიროების მშენებლობისთვის საჭირო ქონება ასევე შეიძლება პირდაპირი წესით გასხვისდეს;
დავების დასრულება: ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელი ხდება სასამართლო ან საარბიტრაჟო დავების მორიგებით დასასრულებლად.
დოკუმენტი ასევე განმარტავს სახელმწიფო ქონების გაცვლის (ე.წ. ბარტერის) წესს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში:

თუ გაცვლის საჭიროება გაწერილია დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით.
თუ არსებობს სახელმწიფო უწყების დასაბუთებული შუამდგომლობა, რომ გაცვლა აუცილებელია სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისთვის.
დადგენილება სრულად ფუნქციონირებადი 2026 წლის 12 იანვრიდან გახდება. მანამდე კი, პრივატიზების პროცესი ძველი რეგულაციებით გაგრძელდება. ცვლილებები ეფუძნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 2025 წლის ნოემბერში შესულ შესწორებებს.

სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის ცვლილებაზე ირაკლი კობახიძემ პირველად გასული წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკა მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა და "უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე". უკვე 8 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრივატიზაციის პირობები ზუსტად კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრება. სწორედ ეს ცვლილებები შევა ძალაში მომავალ კვირას.