პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. 

მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა და ზაიედის მდგრადობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა. 

სამიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა სულთან აჰმედ ალ ჯაბერმა გახსნა. 

ღონისძიებას დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, რომელმაც ზაიედის მდგრადობის პრიზის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ღონისძიებაზე ხაზგასმული იქნება საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალი. 

“ვმონაწილეობ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში, რომელიც გლობალური ფორუმია მდგრადი განვითარების, სუფთა ენერგიისა და ინოვაციების სფეროში. 
ღონისძიებაზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს”, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.