2025 წელს საქართველომ $122 მილიონის ოქრო გაყიდა

საქართველომ 2025 წელს $122.3 მილიონის 1.9 ტონა დამუშავებული, ნახევრად დამუშავებული და ფხვნილის სახით ოქრო გაყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს თანხაში 122.9%-ით აღემატება, მოცულობაში კი 29.6%-ით ნაკლებია.

გასულ წელს საქართველომ ოქრო 3 ქვეყანაში გაყიდა:

  • შვეიცარია - 101.6 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 13.3 მლნ აშშ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 7.3 მლნ აშშ დოლარი.

 

შეგახსენებთ, ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება - ოქროს ფასი ერთ თვეში 6.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ ამჯერად 4,740 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 73%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ კვირაში მატება 3.5%-ს აღწევს.

ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული. რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურება, ვენესუელაში არსებული ვითარება, აშშ-ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობა და ირანში რეჟიმის დამხობის რისკი ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის გაძვირებას იწვევს.