საქართველოში საწვავის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკით, - ამის შესახებ "ფასების სამთავრობო კომისიისა" და ნავთობპროდუქტების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციზის ფასი სამჯერ უფრო ნაკლებია საქართველოში.
"სამთავრობო კომისიის ფარგლებში, დღეს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან. ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოშია, ისევე როგორც გლობალურად არის. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საწვავის ფასებს თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, ვხედავთ, რომ საგრძნობლად ნაკლებია საქართველოში საწვავის ფასები, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რომელიც საშუალოდ არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებს შორის.
ჩვენ, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კერძო სექტორთან ერთად ჩვენ განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ რა რესურსი შეიძლება მოვნახოთ ერთიანი ძალისხმევით იმისთვის, რომ საწვავზე ჩვენი საზოგადოებისთვის გაიაფდეს ფასები", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მსგავსი კომენტარი გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმაც. მისი თქმით, ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად, მთავრობა აგრძელებს მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა ფასების შემდგომი კლების სივრცე მოინახოს.
