მეტალების საერთაშორისო ბირჟაზე უკიდურესად მკვეთრი დაღმასვლის დინამიკა ფიქსირდება – რეკორდული შედეგის მიღწევის შემდეგ, ვერცხლმა მყისიერი 40%-იანი კოლაფსი განიცადა.
უფრო კონკრეტულად, გასულ ხუთშაბათს ვერცხლის ფასმა უნციაზე რეკორდულ 121 დოლარს მიაღწია, დღეს კი ბირჟაზე 72-დოლარიანი მინიმუმი დაფიქსირდა, რაც 40%-იან კლებას გულისხმობს და მას ინვესტორები ტექნიკურ დონეზე არა უბრალოდ ვარდნას, ან კორექციას, არამედ კოლაფსს უწოდებენ.
უკიდურესად ნეგატიური შედეგი აქვს ოქროსაც, რომლის ფასმა ხუთშაბათს რეკორდულ 5,600 დოლარს მიაღწია, დღეს კი ის 4,400-დოლარიან მინიმუმს აფიქსირებს, რაც 21%-იან კორექციას წარმოადგენს.
ანალოგიური დინამიკა იკვეთება პლატინასთან მიმართებითაც, რომელიც ამავე პერიოდში 35%-ით არის გაუფასურებული.
საერთო ჯამში, ოქროსა და ვერცხლის გაუფასურების შედეგად, ძვირფასი მეტალების საბაზრო შეფასება ჯამურად $10 ტრილიონით შემცირდა, რაც ამ შემთხვევას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ კორექციად აქცევს.
ექსპერტების შეფასებით, ძვირფასი მეტალების ბაზრის ჩამოშლა სპეკულაციური ბუშტის გაჩენით, არარაციონალური ვაჭრობით, ლევერიჯირებული პოზიციებით და მუდმივი ზრდის იმედით დამწყები ინვესტორების ჩართულობით არის განპირობებული. მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარი კრიტიკულად გადახურდა და სამარადჟამო აღმასვლის მოლოდინი გაქრა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა აქტივების მკვეთრი გაუფასურება, რადგან ოქროსა თუ ვერცხლზე არსებული რეალური მოთხოვნა აცდენაში იყო საბაზრო შეფასებასთან.
bm.ge
