ეკონომიკის ექსპერტის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ევროკავშირმა ყულევის პორტი სასანქციო სიიდან ამოიღო.
როგორც ევროკავშირის განმარტებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მას შემდეგ გადაიხედა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა — აზერბაიჯანულმა ენერგოკომპანიამ SOCAR — პირობა დადეს, რომ მომავალში სანქციების დარღვევა აღარ მოხდება.
ამავე დროს, გოცირიძის თქმით, მედიასაშუალება Imedi TV-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პორტი სანქციების სიიდან „მტკიცებულებების არარსებობის გამო“ ამოიღეს, რასაც ექსპერტი რუსულ პროპაგანდად აფასებს.
"ევროკავშირმა ყულევის პორტი ამოიღო სასანქციო სიიდან. ეს იმით ახსნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის მფლობელმა აზერბაიჯანულმა კომპანიამ “სოკარმა” პირობა დადო, რომ შემდგომში არ მოხდებოდა სანქციების დარღვევა. “თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს”-წერია ევროკავშირის განმარტებაში. რუსული პროპაგანდისათვის დასანქცირებულმა “იმედმა” კი გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სასანქციო სიიდან ყულევის პორტი ამოიღეს “მტკიცებულებების არარსებობის გამო”.
სინამდვილეში ყულევის პორტი გადარჩა დასანქცირებას ამერიკის და ევროკავშირის აზერბაიჯანისადმი დამოკიდებულების გამო. ამ პორტიდან გადის აზერბაიჯანული მზა ნავთობპროდუქტების უდიდესი ნაწილი. მისი დასანქცირება უდიდესი დარტყმა იქნებოდა აზერბაიჯანის ეკონომიკისათვის.
ყულევის პორტი შარში გაეხვა მის მახლობლად მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო. ქარხანა ჯერაც არ ამუშავებულა, მაგრამ ნოემბერ, დეკემბერ, იანვრის თვეში მოასწრო რუსული ნედლი ნავთობიდან 116 მილიონი დოლარის ნავთობოროდუქტები “წარმოება” და გაყიდვა. ამ აფიორის ჩატარება ყულევის ტერმინალის გარეშე შეუძლებელი იყო. უმოქმედო ქარხანა ვერაფერს აწარმოებდა.
ამ ეტაპზე ყულევი გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გადაარჩინა, ამ ქარხანას კი, რომლის უკან რუსები იმალებიან, წინ სერიოზული პრობლემები ელის. ჩვენი ინფორმაციით თებერვალშიც აქვს ჩადენილი მსგავსი მანიპულაცია. თებერვლის ცოდვებიც ჩამოწერა ევროკავშირმა და დღევანდელი დღით იწყება თუ არა ათვლის წერტილი, ეს მალე გამოჩნდება." - წერს გოცირიძე.
