საქართველო სატრანზიტო ჰაბია, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ ფუნქციის გასაძლიერებლად - პრემიერის განცხადებები ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

 

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს,  პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებაზე. 

 

„ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში თემაზე „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“,  სადაც ხაზი გავუსვი სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში და მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებას.  

 

კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში“, - წერს ირაკლი კობახიძემ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის და მაქსიმუმი გაკეთდება საქართველოს ამ ფუნქციის გასაძლიერებლად.

„როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თუმცა, ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება.

საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიოში ახლა ორი ომი მიმდინარეობს, გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება.

 

„მსოფლიოში - ჩვენს ირგვლივ - ახლა ორი ომი მიმდინარეობს. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე - სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია. გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები - ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა წარმატებულია.

 

„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ  ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა - მშვიდობა და სტაბილურობა  შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ხელს შევუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. 

 

„შესავალ სიტყვაში შეეხეთ მრავალმხრივ ორგანიზაციებს. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აზრით არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ამ ორგანიზაციებშიც. ჩვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა. ამის შედეგი საკმაოდ ნეგატიურია: კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით - ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში - გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს. 

 

ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, „ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია მრავალეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დასაბრუნებლად. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი.

 

„ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ. თქვენ ლიდერობასაც შეეხეთ შესავალ სიტყვაში და უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც. თუმცა ეს არ იძლევა განზოგადებულ სურათს. გლობალურ მასშტაბში ეს სურათი, ვიტყოდი, რომ არ არის ლამაზი. არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის კადრების უფროსს მცდარი განზრახვა ამოძრავებს ლიდერებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის შერჩევისას. არადა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. დეტალებში არ შევალ და სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მსოფლიოს ჰყავდა დიდებული ლიდერები, ხოლო ახლა სიტუცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას.

 

რაც შეეხება ლიდერების როლსა და ფუნქციას, ყველაზე პოზიტიური, რაც მათ შეუძლიათ, არის დიალოგის, თანამშრომლობის, დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე აქცენტირება. ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო 23 საუკუნისაა, ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე უწევდა არსებობა.

 

„უპირველეს ყოვლისა, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო 23 საუკუნისაა. შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია. ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე გვიწევდა არსებობა. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია. ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის. 

 

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან - წინა საუკუნეების 90-იანი წლებიდან ბევრი შეცდომაც დავუშვით, რადგან საქართველო მაშინ ალბათ საკმარისად დიპლომატიური ან პრაგმატული არ იყო. ალბათ ეს იყო შეცდომების მიზეზი. თუმცა ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ აქედან და კვლავ ვისწავლეთ დიპლომატიურობა და პრაგმატულობა. სწორედ ასე ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული გამოცდილებაც არის იმის მიზეზი, რომ გვჯერა დიპლომატიის და მისი მნიშვნელობის. 

 

მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა ყველა ქვეყნას უნდა ჰქონდეს. ყველა სახელმწიფო აქცენტს უნდა აკეთებდეს დიპლომატიური გამოსავლის ძიებაზე პრობლემების გადაჭრისას და სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას. 

 

ამჟამად, უხეში პოლიტიკური ინტერესები გადაწონის დიპლომატიას. ასეთია მსოფლიოში არსებული საერთო სურათი ჩემი გაგებით. ეს როგორმე უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, საქართველოს და თურქეთს შორის თანამშრომლობა ძლიერია არამხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც.

 

„საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ და გვახარებს ეს ფაქტი. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია. ჩვენ ვუფრთხილდებით ამ პარტნიორობას და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა. ძალიან პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს არა მხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც. ხშირია ორმხრივი ვიზიტები და ლიდერთა შეხვედრები. ნაყოფიერია ეს ურთიერთობა და კონკრეტული შედეგებიც მოაქვს. გვახარებს და ვმუშაობთ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.