"ფასების საპარლამენტო კომისაიმ", რომელმაც დღეს 1 მაისს მუშაობა დაასრულა FMCG სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმების შესახებ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები არ არის ერთ ფაქტორზე დამოკიდებული და მათზე გავლენას ახდენს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე.
კომისიის შეფასებით, ფასების შემცირების შესაძლებლობა მოკლევადიანად შეზღუდულია, თუ არ განხორციელდება სისტემური ცვლილებები, რომლებიც გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობას, გააუმჯობესებს ლოგისტიკას და შეამცირებს საბრუნავი კაპიტალის წნეხს.
დოკუმენტის მიხედვით, FMCG სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტია. 2019–2024 წლებში ბაზრის მოცულობა დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 21.2 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2025 წელს დაახლოებით მშპ-ის 20%-ს უტოლდება.
კვლევა აჩვენებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას:
საცალო ბაზარი კონკურენტულია და კონცენტრაციის დაბალი დონით ხასიათდება;
საცალო ქსელების მოგებიანობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და „ზედმეტ მარჟებზე“ არ მიუთითებს;
ფასის ფორმირებაში გადამწყვეტია არა მხოლოდ თვითღირებულება, არამედ კომერციული პირობები და საბრუნავი კაპიტალი;
ბაზარზე ფართოდ გამოიყენება ე.წ. „მაღალი-დაბალი“ (Hi–Lo) ფასების მოდელი, სადაც პროდუქციის დიდი ნაწილი ფასდაკლებით იყიდება.
ამ მოდელის ფარგლებში გაყიდვების დაახლოებით 70-80% ხდება აქციების [ფასდაკლებების] პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ რეალურად გადახდილი ფასი ხშირად თაროზე მითითებულ ფასზე მნიშვნელოვნად დაბალია.
კომისიის შეფასებით, ფასების ფორმირებას ზღუდავს რამდენიმე სტრუქტურული პრობლემა:
კომერციული ძალების ასიმეტრია ღირებულებათა ჯაჭვში;
გადახდების გახანგრძლივებული ვადები (60–90 დღე);
მაღალი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნა;
ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის არაეფექტიანობა;
კომერციული პირობების დაბალი გამჭვირვალობა.
ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის გარემოს, სადაც ფასების შემცირება რთულია მხოლოდ კონკურენციის ზრდით და საჭიროებს სისტემურ პოლიტიკას.
დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ფასი ფორმირდება ოთხი ძირითადი რგოლის გავლენით:
მწარმოებელი – განსაზღვრავს საწყის თვითღირებულებას (ნედლეული, შრომა, წარმოება);
იმპორტიორი/დისტრიბუტორი – ამატებს ლოგისტიკურ, ფინანსურ და კომერციულ ხარჯებს;
საცალო ქსელი – ადგენს საბოლოო ფასს და მართავს აქციებს;
მომხმარებელი – მოთხოვნის მეშვეობით განსაზღვრავს რეალურ ტრანზაქციულ ფასს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ფასდაკლებები ფინანსდება არა მხოლოდ საცალო ქსელების მიერ, არამედ მომწოდებლების მხრიდან „Back margin“-ის მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ ფასის შემცირება ჯაჭვის შიგნით მარჟების გადანაწილების შედეგია.
საველე კვლევის მიხედვით, 2026 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში ძირითადი სასურსათო პროდუქტების (ზეთი, ფქვილი, შაქარი და სხვ.) ფასებზე ინფლაციური წნეხი არ დაფიქსირებულა.
ამასთან:
ფასდაკლებები ხშირია და 25%-40%-ს აღწევს;
რეალური საშუალო ფასი დაბალია თაროს ფასზე;
საქართველოს ფასები რიგ შემთხვევებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია.
კომისია მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ფასების ადმინისტრაციული კონტროლი არ არის ეფექტიანი და პოლიტიკა სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე უნდა იყოს მიმართული.
დასკვნაში ასევე წერია, რომ ბავშვთა კვების პროდუქტების სეგმენტში განსხვავებული სურათია, სადაც მაღალი ფასების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად რჩება იმპორტდამოკიდებულება და შედარებით უფრო გრძელი მიწოდების ჯაჭვი. ასეთ კატეგორიებში ფასზე დამატებით მოქმედებს საერთაშორისო ბრენდების პოზიციონირება, ტრანსპორტირების ხარჯები, მარაგების შენახვის სპეციფიკა და შედარებით მცირე ბაზარზე დაბალი ბრუნვის ეფექტი.
„ბავშვთა კვების პროდუქტები წარმოადგენს სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს, რომლის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმპორტზე დამოკიდებულება და მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი.
აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გაზრდის შესყიდვის მოცულობას და შექმნის უკეთესი ფასის მოლაპარაკების შესაძლებლობას მომწოდებლებთან.
ამასთან, მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა, რაც შეამცირებს ლოგისტიკურ და კომერციულ დანახარჯებს და დადებითად აისახება საბოლოო ფასზე.“
1. საშუალოვადიანი რეკომენდაციები
სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა;
კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაცია;
სექტორული მონიტორინგის სისტემის დანერგვა;
მონაცემთა გაციფრულება ბაზრის მონაწილეებისთვის.
2. გრძელვადიანი რეკომენდაციები
ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული ეფექტიანობის გაზრდა;
კერძო ეტიკეტის (Private Label) განვითარება კონკურენციის გასაძლიერებლად;
ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.
3. მოკლევადიანი ნაბიჯები
მიზნობრივი და დროებითი ინტერვენციები კონკრეტულ პროდუქტებზე;
ისეთი მექანიზმები, რომლებიც ფასს შეამცირებს, მაგრამ ბაზრის ფუნქციონირებას არ დააზიანებს.
დასკვნა ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ზედმეტმა რეგულაციამ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს:
ფასების ხელოვნური კონტროლი ამცირებს კონკურენციას;
შესაძლოა გაუარესდეს პროდუქციის მიწოდება;
გრძელვადიან პერიოდში გაიზარდოს საშუალო ფასიც.
კომისიის მთავარი დასკვნაა, რომ საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები „სისტემური ფაქტორების შედეგია“ და მათი შემცირება მხოლოდ კომპლექსური ეკონომიკური პოლიტიკით არის შესაძლებელი.
დოკუმენტის მიხედვით, ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს:
მიზნობრივი და პროპორციული;
ეტაპობრივი;
ორიენტირებული ბაზრის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე და არა ფასების პირდაპირ კონტროლზე.
შედეგად, კომისია მიიჩნევს, რომ ფასების სტაბილიზაცია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა დამოკიდებულია არა ერთჯერად ზომებზე, არამედ სექტორის გრძელვადიან ტრანსფორმაციაზე.
„სექტორის გრძელვადიანი ტრანსფორმაცია უნდა დაეფუძნოს ისეთ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზრის ეფექტიანობის ზრდას, კონკურენციის გაძლიერებას და ფასების ფორმირების პროცესის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული სისტემების განვითარებას, რაც შეამცირებს მიწოდების ჯაჭვში არსებულ ხარჯებს და გააუმჯობესებს პროდუქციის დროულ და ეფექტიან მიწოდებას.
ამასთან, აუცილებელია კერძო ეტიკეტის (Private Label) პროდუქტების განვითარება, რაც გაზრდის საცალო ქსელების შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზონ შედარებით დაბალი ფასის ალტერნატივები და ამ გზით გააძლიერონ კონკურენცია როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან. პარალელურად, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, თვითღირებულების სტაბილიზაციას და გრძელვადიან პერიოდში ფასების უფრო მდგრად დინამიკას.
საბოლოოდ, სექტორის ტრანსფორმაცია უნდა იყოს ორიენტირებული ღირებულებათა ჯაჭვის ოპტიმიზაციაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ბაზრის გამჭვირვალობის ზრდაზე, რაც ერთობლივად შექმნის საფუძველს როგორც მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასების, ისე სექტორის მდგრადი და კონკურენტული განვითარების უზრუნველსაყოფად.“
