პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანი სამშენებლო სექტორის გაძლიერება, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და აღნიშნულში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები.

 

„დღეს, ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს არსებულ ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ მაქსიმალურად  გავაძლიეროთ კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ცვლილებების პაკეტის შემუშავებაზე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ამ მიმართულებით, სექტორში ჩართულ კომპანიებთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.

 

ცვლილებების ფარგლებში, იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას - შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები, იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

 

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მიღებული იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. 


„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მათთან. მათი მხრიდან გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს სექტორში ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურად ამ ცვლილებებმა მოწონება. ასევე, გამოვთქვით სრული მზაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას და სათანადო ფასებს. ეს არის მთავარი ამოცანა“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება.

 

„დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან. ამას კანონმდებლობაში შევა ცვლილებები, ამაზე იმსჯელებს პარლამენტიც და ყველანაირად იქნება დაზღვეული ისეთი პრობლემა, რომ შავ სიისთვის თავის არიდება ვერ მოახერხონ კომპანიებმა. მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, მთავრობის მეთაურის თქმით,, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე.

 

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები გაიაფების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დასჭირდება მუშაობა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ესეც მოგვცემს შედეგს“, - განაცხადა პრემიერმა.