აზერბაიჯანულ მხარესთან საბოლოოდ შევჯერდით ყველა დეტალთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას და თვის ბოლომდე რკინიგზის ეს მონაკვეთი ფუნქციონირებას დაიწყებს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მონაკვეთზე მთლიანად პასუხისმგებელი იქნება საქართველოს რკინიგზა.
„მთლიანობაში დაფუძნდება ერთობლივი საწარმო ქართულ-აზერბაიჯანული და ამ ფორმატში იქნება უზრუნვლეყოფილი რკინიგზის ოპერირება. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია. ამასთან ერთად, 26 მაისიდან აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის, ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და ილჰამ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, შეხვედრა, რომელიც შედგა ბიძინა ივანიშვილსა და ილჰამ ალიევს შორის. მინდა, ხაზი გავუსვა ეკონომიკის სამინისტროს გუნდის ძალიან ეფექტიან მუშაობას. ეს იყო მრავალთვიანი მოლაპარაკებები. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც იდეალურად წარმართა მოლაპარაკებები და საქართველომ მიიღო იდეალური შედეგი ამ მოლაპარაკებების საფუძველზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს პროფესიონალების გუნდი, ისინი არიან მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს საჯარო მოხელეები, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები გაფორმდა.
„პირველი მიმართულება უკავშირდება აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს და ტრანზიტს. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სოციალური გაზის შეთანხმების გაგრძელებას. 20 წლით იყო დადებული ეს შეთანხმება და მას ვადა ეწურებოდა ამ წლის ბოლომდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, რომ ეს ხელშეკრულება გაგრძელდა 20 წლით. სოციალური გაზი სოციალური ტარიფით, სოციალური ფასით საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართულ მხარეს ძალიან კარგი შედეგები აქვს ელექტროენერგიის იმპორტთან და ტრანზიტთან დაკავშირებითაც.
მთავრობის მეთაურმა ხელშეკრულების დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა.
„რომ არ იყოს კომერციული საიდუმლოება, კიდევ უფრო გასაგები გახდებოდა საზოგადოებისთვის ის უდიდესი სარგებელი, რომელიც ამ შეთანხმებას მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. ელექტროენერგიის მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, რაც ძალიან მომგებიანია ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის ფუნქციონირებას, გასული 3 წლის განმავლობაში საერთოდ იყო გაჩერებული ეს მილსადენი, არ მუშაობდა. შესაბამისად, ქვეყანა კარგავდა პოტენციურ შემოსავალს. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ აღდგება ამ მილსადენის ფუნქციონირება და ამის საფუძველზე ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ძალიან კარგი პირობებია, რაზეც შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან. აქაც არის კომერციული საიდუმლოება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
