დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასშტაბური ხედვის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით შემუშავდა.
„ჩვენ დროულად მივიღეთ შესაბამისი კანონები და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის სწორად განვითარებისთვის. დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უკვე მეექვსე წელია, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება.
„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლიდან ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად შეადგენს 9,3 პროცენტს. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე კვარტალში ზრდამ შეადგინა 9,1 პროცენტი. ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული მყარი საფუძველი, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი მთავრობაში, ვგულისხმობ ეკონომიკურ გუნდს. ბიზნესი არის თავისუფალი და გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების კუთხით ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ კუთხით საქართველო არის რეგიონის ლიდერი. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში, ეკონომიკურ ზრდაში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო და რა თქმა უნდა, ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეს, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია არის უკვე შემდგარი რეალობა, უსაფრთხო და მომგებიანი გარემოს შექმნით ამ პროცესში საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს საერთაშორიო დონეზე, შედეგად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება.
„საქართველო ასევე აჩვენებს კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს, სახელმწიფო გადასახადების ციფრული აქტივებით გადახდის წარმატებული პრაქტიკა არის ამის საუკეთესო დასტური. ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. დღეს, ამ დარბაზში არიან შეკრებილნი წამყვანი ბანკების წარმომადგენლები, საინვესტიციო და ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები. ეს სწორედ ის ძალაა, რომელზეც დგას ჩვენი ეკონომიკური განვითარება. კომპანია „ტეზერთან“ თანამშრომლობით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე ახალ-ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნება.
მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც განსაკუთრებული როლი შეასრულა ამ თანამშრომლობის დამყარებაში, მადლობა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, პარლამენტარ ვახტანგ თურნავას, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ამ თანამშრომლობისა და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, კომპანია „ტეზერის“ წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობაც მოუტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს. მისივე თქმით, თანამშრომლობას აქვს ორიენტაცია ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვმონაწილეობ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების გახსნაში. მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ "ტეზერთან" თანამშრომლობის დაწყებით, ჩვენ ვდგამთ ახალი, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზაზე.
კომპანია "ტეზერ"ი არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც ფლობს, დაახლოებით 200 მლრდ დოლარის აქტივებს და ოქროს რეზერვებს მართავს, დღეს ის არის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის ძალიან მძლავრი ხიდი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ "ტეზერი" ახლა უკვე ხდება ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიც.
ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი - ჯიელტი (GELt). ასევე, მოხარულები ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციები სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს და მაქს აქვს ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტაცია.
საქართველოში კომპანიის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება. საქართველო არის სანდრო საიმედო პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისთვის,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა.
ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც პირდაპირ განაპირობებს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას, ისე სიღარიბის შემცირებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ - 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.
„ამ 5 წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოცდა.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები.
„ამხელა მაჩვენებელი, საშუალოდ, 9.3 % ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის მაღალ ტემპს. ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი. ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, განაპირობებს სიღარიბის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება.
„ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი პროცესის დაწყება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა რაღაც ეტაპზე ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ვფიქრობ, წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი, ძალიან მალევე, უახლოეს თვეებში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.
რაც შეეხება სამუშაოებს, სამუშაოები გრძელდება. იყო ძალიან მცირე პაუზა, რაც იყო განპირობებული ხელშეკრულების გადახედვით და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ხელშეკრულების პირობები, ფინანსური მხარე. სახელმწიფოს მოუწევს ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევა დარღმავების სამუშაოებისთვის, ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოებისთვის, ამან წაიღო მცირე დრო, თუმცა შესაბამისი ინტენსივობით გრძელდება სამუშაოები. შესაბამისად 2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური. პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე, ესეც არის რეალური პროცესი. სათანადო ვადებში ყველა პროექტი იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის გაჩერების შედეგად, ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს კარგავდა სახელმწიფო და ოპერირების აღდგენის შემდეგ შესაბამისი შემოსავლები შევა ბიუჯეტში.
„მთლიანობაში, შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც გვქონდა მყარი გარანტია მოცულობების კუთხით, ის გარანტია არის გაზრდილი. ანუ, მოცულობა, გარანტიების ნაწილში, მთლიანობაში არის გაზრდილი. იცით, რომ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება ხელშეკრულებებისა, ეს არის მათ შორის, შახდენიზიდან გარანტირებული გაზი და არის ორი დამატებითი ხელშეკრულება. ჯამურად, მოცულობის გარანტია არის გაზრდილი. ანუ, რაც გვქონდა გარანტია მოცულობის, იმაზე მეტი გარანტია მივიღეთ ჩვენ ამ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
მთლიანობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაც გავუზიარეთ აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ ჩვენ მივუდექით ამ მოლაპარაკებებს არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, ეს იყო ჩვეულებრივი მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებთან დაკავშირებით და ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას. ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, სადაც თანაბრად არის გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები. ასევე, კონკრეტულად რაც შეეხება ბაქო-თბილისი-სუფსას იცით, რომ სამი წლის განმავლობაში საერთოდ გაჩერებული იყო ეს მილსადენი და შესაბამისად, ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს კარგავდა სახელმწიფო. ახლა უკვე აღდგება მილსადენის ოპერირება, საიდანაც შესაბამისი შემოსავლები უკვე შევა სახელმწიფო ბიუჯეტში,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ.
„რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები და რეალურად ჩანს ძალიან კარგად, რომ სიღარიბის კლებისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს ჩანს უკვე პირველადი გადახედვის მონაცემებით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000.
„სიღარიბის მთავარი ინდიკატორი არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. ამით იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა. ფარდობითი ვერ იქნება მთავარი ინდიკატორი, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობაზე. მინდა მაგალითად მოვიყვანო საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლები. რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საშემოსავლო გადასახადს 2020 წელს და რამდენს იხდიან დღეს. აქედან შეგიძლიათ მარტივად გადაამრავლოთ ოთხზე და მიიღებთ იმას, თუ რამდენი იყო მოსახლეობის შემოსავლები 2020 წელს და რამდენია 2025 წელს. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი. დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ. 5 წლის წინ თუ მათი შემოსავლები იყო 13 მილიარდი, ახლა არის 33 მილიარდი. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ გასცეთ კითხვას პასუხი, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის შემოსავლები ამ ქვეყანაში.
აბსოლუტური სიღარიბე იანგარიშება საერთაშორისო სტანდარტებით. ამ მეთოდოლოგიას იზიარებს მსოფლიო ბანკიც. როგორც ანგარიშობენ საერთაშორისო სტანდარტებით სიღარიბეს, ისე ანგარიშობს საქართველოც. ერთიდაიგივე მეთოდოლოგია ოყო 2012 წელსაც და მიმდინარე წელსაც. ამ ერთიდაიგივე მეთოდოლოგიით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საშუალო ხელფასი საქართველოში 48%-ით გაიზარდა.
„ნეტო შემოსავლები, საშემოსავლო გადასახადის მიხედვით 13,3 მილიარდი ლარი იყო. გახდა 33 მილიარდი. რომელი ეკონომისტი ამბობს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არ აისახება მოსახლეობაზე? სისულელეა, ვინც ამას ამბობს, ის არ არის ეკონომისტი. მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საშუალო ხელფასი საქართველოში 48%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ბიუჯეტზეც და მათ შორის, მოსახლეობის სოციალური დახმარების მაჩვენებლებზე, ჯანდაცვაზე “, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ძალები ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება
„როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, ყველას მინდა, შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი - ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს, როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, არის ჩვეულებრივი ღალატი. ამას ღალატზე მეტს ვერაფერს დაარქმევ. ყველა გზავნილი, რომელიც გაჟღერებული იყო ამ ანგარიშში არის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. ინტერესი არის დავალების შესრულება. დაკვეთის შესრულება. არიან ძალები ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება. უნდათ, რომ ამ სიყალბით შექმნან განსხვავებული ტენდენციები. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებელი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას.
„პროგნოზის ზრდა განაპირობა პირველი კვარტლის მონაცემებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, რაც წარმოადგინა ევროკომისიამ. ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. დღესაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიება. კომპანია „ტეზერთან“ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. ეს არის დაახლოებით 200 მილიარდის აქტივების მქონე მაღალტექნოლოგიური კომპანია. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებში არის მაღალი ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს ყველაფერი დამატებით ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და დამატებით ტემპის გაზრდას. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა, გვყავს ძალიან ეფექტური გუნდი მთავრობაში და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ერთი წლის განმავლობაში კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, განსაკუთრებით ზედა დონეზე. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ტენდენციებზე. თუ ჩვენ შარშან წელი დავხურეთ 7,5%-ით, პირველ კვარტალში გვქონდა 9,1% ეკონომიკური ზრდა. ანუ, შარშანდელ მაღალ ზრდასთან შედარებითაც კი გაიზარდა ზრდის მაჩვენებელი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ არის კორუფციის აღმოფხვრა, კონკრეტული მიმართულებებით პოლიტიკის გადახედვა. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
