საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. ეტაპობრივად იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს.
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან. სწორედ, ამ სამაგალითო თანამშრომლობის შედეგია დღევანდელი წარმატებაც.
მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში.
გილოცავთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედებას და ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ განვითარებას ვუსურვებ!,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კმ-ს შეადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ ლიანდაგს და აშენდა 27 კმ სიგრძის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისტორიული პროექტი გავხსენით, ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს პროექტიც არის იმის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. დღევანდელი დღე არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების დაწყების მნიშვნელობას ეხებოდა.
„ციფრებზეც იყო საუბარი. როგორც აღინიშნა, დღეისათვის წლიური მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში არის 133 მლნ კილოვატ/საათი, როცა მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება არის 7, მაქსიმუმ 10 მლნ კილოვატ/საათი. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა. ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.
