საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას აგრძელებს - პრემიერი

ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველო იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.

 

„ბოლო წლებში შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი - საქართველო მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად იქცა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს - ბოლო სამ წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78 პროცენტით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება.

ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია. ეს ინიციატივა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე.  გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა, გისურვოთ წარმატებები,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება. 

„ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC). ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები  შედეგები მოაქვს. 
ამავდროულად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბური ჩანაფიქრის ინიციატორი და განმახორციელებელი ქართული კომპანიაა. „პეის ჯგუფის“ წარმატება აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს კომპეტენცია და ყველა რესურსი,  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ქმნის”, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.

 

„მთავარი ყველაფრისთვის არის ეკონომიკის ზრდა და თქვენ იცით, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა გასული 5 წლის განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკა დოლარში იყო 16 მლრდ 2020 წელს და ახლა არის 38 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. ბუნებრივია, ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისად, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად.

„ძირითადად ისინი იყვნენ დასაქმებული სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის იყო რკინიგზა, ენერგეტიკის საწარმოები და სხვა. იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად. მთლიანობაში, დაახლოებით 60 მლნ ლარი ყოველწლიურ ჭრილში იზოგება სწორედ ოპტიმიზაციის შედეგად. არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს არასწორი პრაქტიკა შეიცვალა სწორი პრაქტიკით.  მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს. პირველ რიგში, ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, პლატფორმის სწორად მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივაც, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც ბუნებრივია, შეამცირებს განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას.

მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პლატფორმის შექმნაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება. 

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ზოგადად, როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით. მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.