ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას, რის შედეგადაც საქართველოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„დღეს ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც სრულად არის დაცული სახელმწიფოს ინტერესები, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას, რის შედეგადაც საქართველოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საკვანძო როლი ეკისრება. თანამედროვე და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო წლებში რეკორდულად გაიზარდა მგზავრთნაკადი, გაფართოვდა საერთაშორისო მიმართულებები და ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო არაერთმა ახალმა ავიაკომპანიამ.
„წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით, როგორც მგზავრთნაკადის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ტურიზმის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმის სექტორში, რაც ბუნებრივია, ავიაციაზეც სათანადოდ აისახა. მიუხედავად იმისა, რომ წელს კრიზისის ფონზე გვქონდა მცირე შენელება პროცესების, ივნისიც იყო რეკორდული ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ წელსაც.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის განხორციელებაში არის ჩართული. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - მადლობა ჩვენს ფრანგ და თურქ პარტნიორებს, მადლობა TAV Airports-სა და უმსხვილეს ფრანგულ საავიაციო ჯგუფს - Groupe ADP-ს, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საქართველოს ავიაციის განვითარებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს, რომლის ძალისხმევისა და ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების პირობებში ხორციელდება. ყველას წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა.
„მთლიანობაში ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები და ზრდა არის დაახლოებით 8% და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, მაღალი ტემპის შენარჩუნება და ამ კუთხით იცით, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მუშაობს და ძალისხმევას არ იშურებს“, - განაცხადა პრემიერმა.
