სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს წარმატებით ოპერირებს 30-მდე კომპანია სინგაპურიდან.
„დაახლოებით 30-მდე კომპანიაა სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გავუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.
„ვასრულებთ ვიზიტს სინგაპურში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე, გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები. დაახლოებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოდან. გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის არის განათლების, ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორნების გატარების დროს. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების გადატრვირთვა.
„ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ურთიერთობების დადებით დინამიკას. შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იქნას ათვისებული
„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებულები ჩვენი კავშირების გაფართოებაზე. ძალიან ვაქტიურობთ, მათ შორის, აზიის მიმართულებით. გვქონდა ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი და შეხვედრა. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები, ასევე, ჩვენს სამეზობლოსთან, აზერბაიჯანთან სომხეთთან, თურქეთთან და კიდევ ღრმად გვინდა, განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თვალსაზრისით. ასევე, ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ესეც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, იმისათვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ მრავალი ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის. შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა.
„სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა. აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში. ავიაციის მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება ამ თანამშრომლობის გაღრმავება, პირველ რიგში, იმისათვის, რომ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. ჩემს კოლეგებს, მინისტებს ჰქონდათ შეხვედრები საკუთარ სინგაპურელ კოლეგებთან. როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრს. მათაც ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.
„ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არის ძალია ფართო. ეს ინტერესი გამოხატული აქვთ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ევროპულ სუბიექტებს, ძირითადად კერძო კომპანიებია ამ შემთხვევაში, ვინც ინტერესს გამოხატავს. არის ძალიან ფართო ინტერესი. ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ამ პორტის ამოქმედება. პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარია ტვირთების მოზიდვა. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, მასთან დავამყარებთ შესაბამის ურთიერთობებს. მიხარია, რომ განახლებული ენერგიით დაიწყო მუშაობა ანაკლიის პორტის განვითარებაზე. ძალიან სწრაფი ტემპით განახლდა მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, რაც დაკავშირებული იყო ხელშეკრულებების გადახედვასთან. 200 მილიონის ღირებულების იყო ხელშეკრულება და 50 მილიონი დოლარით შემცირდა იმ მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც აწარმოა ეკონომიკის მინისტრმა და ეკონომიკის სამინისტრომ, შესაბამის კომპანიასთან. იყო სივრცე ხარჯების შემცირებისთვის და ჩვენს მაქსიმალურად დავზოგეთ საბიუჯეტო თანხები. რაც შეეხება ახალ მოდელს, ახალი მოდელი არის ოპტიმალური, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, პორტი იქნება მთლიანად ქართული და ასევე, ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალი სუბიექტი ჩავრთოთ, მის ფუნქციონირებაში. შესაბამისი დაინტერესებული მხარეები, სახელმწიფოები და კომპანიები. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა. ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ “, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის აქტში ჯო უილსონის ინიციატივით შევიდა, რაც არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია.
„აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ასეთი ჩანაწერი, თქვენ იცით, რომ ინიციატივა ეკუთვნის ჯო უილსონს და ამ ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში. შესაბამისად, ჩვენთვის არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული. თან გუშინ ირანიც იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან ღრმად და დღეს ეს წარმომადგენლობა ირანის მხრიდან საერთოდ დაიკარგა - ეს მცირე ირონიული გადახვევა. აბსოლუტურად არ არის საინტერესო ჯო უილსონის ინიციატივები, მისი ინიციატივებით შესული შესწორებები. ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო - ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან და ამასთან დაკავშირებით ველოდებით ამერიკის ოფიციალურ პოზიციას. დანარჩენი დეტალები, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო,“- აღნიშნა პრემიერმა.
