სომეხი ბიზნესმენის კუთვნილი Arins Group-ი ქართულ „ტერაბანკს“ ყიდულობს. გარიგება, სავარაუდოდ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ბილტმორსაც“ ეხება. Arins Group-ს ეკუთვნის „არდშინბანკი“ - სომხეთში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი.
„ტერაბანკის“ განცხადება
„ტერაბანკმა“ ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა ბანკში „ახალი სტრატეგიული ინვესტორის“ შემოსვლაზე.
განცხადების მიხედვით, „ტერაბანკის“ აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის „ტერაბანკის“ აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
„ტერაბანკში“ ამბობენ, რომ ბანკში ინვესტიცია Arins Group-ის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.
„საქართველო რეგიონული გაფართოებისთვის პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის, დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს გათვალისწინებით“, - აცხადებენ ბანკში.
პრესრელიზის მიხედვით, „ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჭირო ნებართვების გაცემის შემდეგ იგეგმება“.
„ტერაბანკის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ არის ნახსენები სასტუმრო „ბილტმორი“.
წყარო: "რადიო თავისუფლება"

