შუა დერეფნის გასაძლიერებლად საქართველო 7 მლრდ დოლარის ინვესტიციას გეგმავს - ირაკლი კობახიძე

საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს არის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს.


“მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საზღვაო დარგის პროფესიონალებს ვმასპინძლობთ.

საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს ჩვენ ვართ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთნაკადები შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო - განახევრდეს.

ჩვენ ამ შესაძლებლობის ასათვისებლად გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. 2032 წლამდე ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 
ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.
ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება - მხოლოდ მიმდინარე წელს, რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებისთვის, ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. უკვე დასრულებულია აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 75%-ის მშენებლობა,”- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.

 

„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.

 

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.

 

ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით,  მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს.

„განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით. საზღვაო სექტორში ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით გაციფრულდა და კიდევ უფრო გამარტივდა ნავსადგურებში გემების მომსახურების პროცედურები.

მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ანაკლიის ნავსადგურს Landlord Port Model-ის საფუძველზე განვავითარებთ, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად სტრატეგიულ საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი - ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. ეს მიდგომა აბალანსებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებსა და კერძო სექტორის მონაწილეობას, ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საპორტო ინფრასტრუქტურაზე სამართლიან წვდომას“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საერთო სავალუტო რეზერვებმა.

 

„საერთაშორისო რეზერვები ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი. წლევანდელი  შვიდი თვის მაჩვენებელი არის 7.9%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი, იძლევა იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ სავალუტო რეზერვები და აქ ხაზი უნდა გაესვას ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან ეფექტიან მუშაობას - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს და მთლიანად ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის, სწორედ ამის შედეგია რეკორდულ ნიშნულზე არსებული სავალუტო რეზერვები“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში, რათა არსებული პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. 

„გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა ამ ფონზე, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში არის 24 %-ით გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, ამ ყველაფერს აქვს, ბუნებრივია, თავისი პოლიტიკური კონტექსტი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე მქონდა სამი სხვადასხვა სახელმწიფო ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ორი შუააზიელი პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოში. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, ჩინეთთან თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ კუთხით. ჩვენ გვაკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ამ ყველაფრით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა, იზრდება ზოგადად შუა დერეფანში ტვირთბრუნვა, მათ შორის პორტებში იზრდება ტვირთბრუნვა. ძალიან დადებითი დინამიკაა, შვიდჯერ არის დაახლოებით ტვირთნაკადი გაზრდილი 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში და ამით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა და, ბუნებრივია, მომავალშიც არ უნდა მოვაკლოთ ძალისხმევა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით. ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, აღმოსავლეთს და დასავლეთს. მთავარია, ყურადღება არ მოვადუნოთ, არის არაერთი გამოწვევა, ამას რომ თავი დავანებოთ, რეგიონში არის მიმდინარე ომი. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პოტენციალის ათვისებაზე. ამისათვის არის დაგეგმილი 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება მომდევნო წლების განმავლობაში საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში. ეს არის, სწორედ, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანა - რომ არსებული პოტენციალი სრულად ავითვისოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026-ში  საერთაშორისო პარტნიორები და საზღვაო სფეროს პროფესიონალები მონაწილეობენ. 

 

„მოხარული ვარ, რომ ბათუმში გავხსენი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები და საზღვაო სფეროს პროფესიონალები მონაწილეობენ.

 

ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - წერს პრემიერ-მინისტრი.