თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიება გაიმართა

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს ჯეი გლიკი, „გენსლერ“ სტუდიის დირექტორი და საცხოვრებელი მიმართულების რეგიონული ხელმძღვანელი რობერტ ჯეკელი, „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია, „ინვიას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ფხაკაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ღონისძიებაზე დისტანციურად ჩაერთო „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი.

„ტრამპთაუერ თბილისი“ რეგიონში პირველი პროექტია Trump-ის ბრენდის ქვეშ.

კომპანია „არქის“ ინფორმაციით, „ტრამპთაუერ თბილისი“, Downtown Tbilisi-ის მასშტაბური პროექტის პირველი თაუერია, რომელიც თბილისში ლუქს უძრავი ქონების მსოფლიო სტანდარტს ამკვიდრებს და ცენტრალური თბილისის ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს.

პროექტი „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, თანადეველოპერის როლს The Sapir Organization ასრულებს, ხოლო პროექტის ინვესტორები არიან Block Stone Capital, Finvest  და Vector Group.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტები: ლორენს ჯეი გლიკი, რონ ლიბერმანი და მაიკ ვერგარა. პროექტის წარდგენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორები, საერთაშორისო სტუმრები და ინფლუენსერები, ბიზნეს სექტორი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია და ადგილობრივი სტუმრები.


მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს.

„ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის.

ეს არის 280 მეტრის სიმაღლის 62-სართულიანი თაუერი, რაც გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით.

ეს მასშტაბური თანამშრომლობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერი: საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით.

ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ღია ეკონომიკა და ამის შედეგია, რომ თბილისი და ზოგადად ჩვენი ქვეყანა გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ალბათ ხუთი წლის წინაც კი ძალიან რთულად წარმოვიდგენით, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ამ ხუთ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა დოლარში თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტენდენცია, ასეთი დინამიკა იძლევა ახალი მასშტაბის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გლობალური ბრენდის – „ტრამპის ორგანიზაციისა“ და მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის ვაშინგტონის ოფისის ჩართულობა ამ პროექტის წარმატების ძალიან მყარ გარანტიას ქმნის.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი.
ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს.

ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

2031 წელს, როდესაც ტრამპ თაუერი აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.

საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ კომპანიას – მადლობა „არქის“, „ინვიას“, „საფირ ორგანიზაციას“, „ფინვესტს“, „ბლოქსტოუნ კაპიტალს“ და „ვექტორ ჯგუფს“ ამ ინიციატივისთვის და წარმატებას ვუსურვებ.

მადლობას ვუხდი Downtown Tbilisi-ს და Trump Tower-ს, ჩვენს ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებისთვის, მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო, საქართველოს, როგორც სანდო, საიმედო და სტაბილური სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი“, – განაცხადა პრემიერმა.


მოუთმენლად ველოდები ჩამოსვლას, იმდენჯერ ჩამოვალ, რომ მოგაბეზრებთ კიდეც თავს. ნამდვილად დიდი სულისკვეთებით ჩამოვალ, მთელი გულით და სულით ჩავერთვები ამ საქმიანობაში, – ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიებაზე ონლაინჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ორი მილიარდი აშშ დოლარი იქნება ინვესტირებული.

„ძალიან მალე, როდესაც საძირკველს ჩავყრით და  შემდეგაც კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ. ლარი საუბრობდა ამაზე, როდესაც სცენაზე გამოვიდა. ახალ პროექტს როცა ვაკეთებთ და ახალ შენობას ვიწყებთ, ყველა შენობის პროექტი ვიცი დასაბამიდანვე, დასაწყისიდანვე. ნამდვილად ძალიან ვზრუნავ თვითონ პროექტზე, ყველა დეტალზე და ვზრუნავ იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უდიდესი ბრენდი გვაქვს, შესაბამისად, ჩვენ არაფერი არ გვიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე ეს არის უძრავი ქონების განვითარება და როდესაც შეგვიძლია, ქალაქს ახალი იერსახე შევძინოთ. ნამდვილად აქტიურად ვიქნები ჩართული, რადგან მთელი გულით და სულით ჩავერთვები ამ საქმიანობაში, ბევრჯერ ჩამოვალ.

სხვათა შორის, როდესაც ჩვენ გვყავს ისეთი ხალხი, როგორიც არის ბატონი ილია, ეს არის ერთ-ერთი შესანიშნავი ადამიანი, ვისაც კი შეიძლება, შევხვდე, როგორც ბატონი ლევანი, ბატონი ლაშა. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ასეთ ადამიანებთან მუშაობ და გინდა, რომ უფრო მეტი დრო გაატარო მათთან, უფრო დიდებული და შესანიშნავი რამეები გააკეთო. ის ხედვა, რომელიც მათ აქვთ, რომელიც „არქი ჯგუფს“ აქვს, საპირის ორგანიზაციას აქვს, რომელიც ალექსს გააჩნია, ყველა ადამიანს ჩვენი ხედვა გვაქვს, ხომ? და ხუთი წუთით შეხვედრა საკმარისი იყო, რათა ეს ყველაფერი ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.

ამ ადამიანებს არ ეშინიათ, რაღაც დიდი და კოლოსალური განახორციელონ. კიდევ ერთხელ, თუ ჩვენ შევხედავთ, ორი მილიარდი აშშ დოლარი იქნება ინვესტირებული. ეს არის down town პროექტი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის იერსახეს. და კი, მე ბევრჯერ ჩამოვალ საქართველოში. მოუთმენლად ველოდები ჩამოსვლას. სხვათა შორის, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაშიც და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის. ნამდვილად განსაკუთრებულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას. იმდენჯერ ჩამოვალ, რომ მოგაბეზრებთ კიდეც თავს. ნამდვილად დიდი სულისკვეთებით ჩამოვალ“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.

ამასთან, ერიკ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს მადლობა გადაუხადა.

„ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს. თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს ასრულებთ, რადგან ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ქვეყანა, რომელშიც 10% არის მშპ-ს ზრდა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სასწაულად მნიშვნელოვან და დიდ რამეს აკეთებთ. გისურვებთ წარმატებას, გილოცავთ და ვულოცავ ამ შესანიშნავ გუნდს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ამაყს გახდის“, – აღნიშნა ერიკ ტრამპმა.

ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 30 პროექტი და არასდროს მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი კეთილგანწყობით დაგვხვდნენ, ასე გულითადად მოგვესალმნენ, – ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, ლორენს გლიკმა თბილისში, „ტრამპთაურის“ ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში „ტრამპთაუერის“ შემოსვლის კვალდაკვალ სხვა დიდი ბრენდებიც შემოვლენ.

„შესანიშნავი დახვედრა იყო. როდესაც ჩვენ შემოვდივართ ასეთი ფუფუნების ბრენდით და გვექნება ასეთი თაუერი საქართველოში, ბევრი სხვა ორგანიზაცია და სხვა ბრენდიც შემოვა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე გუნდის წევრებს მხარდაჭერისთვის. ბატონ ილიას, ბატონ ზაზას და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს.
ყველა ეს ადამიანი მართლაც აღუწერელ მხარდაჭერას გვიწევდა. ჩვენ ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით და სწორედ იმას გავაკეთებთ აქ, რაც ადრე არ ყოფილა“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ღონისძიებას დისტანციურად შეუერთდება ერიკ ტრამპიც.