ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის დამსახურებაა და ამისათვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
„გილოცავთ პროფესიულ დღეს! დღეს, აღინიშნება ენერგეტიკოსის დღე ძალიან საინტერესო ადგილას - ეს არის ჰესი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა და ამოქმედდა 1927 წლიდან და რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მძლავრი ჰესი საქართველოს ისტორიაში და ამ დღიდან გარდამტეხი ცვლილებები შევიდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში.
დღესაც, რა თქმა უნდა და დღეს კიდევ უფრო მეტად ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურებაა. თქვენი შრომის, პროფესიონალიზმის, თქვენი საინჟინრო მიღწევების დამსახურება და ამისათვის თითოეულ თქვენგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.
დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზე, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
გასული თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, ქალბატონ მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მის გუნდს, ქალბატონ ინგა ფხალაძეს, რომელიც არის ენერგეტიკის კურატორი. ეკონომიკის სამინისტროში თითოეული სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს, რომელიც ფუნქციონირებს ენერგეტიკის სფეროში. თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგია ეს ცვლილებები, რომლებიც ჩვენ უკვე მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და რომელიც საფუძველს ჩაუყრის ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპს ჩვენს ქვეყანაში.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს. პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში. ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ჩვენი ღირსეული პროფესიონალები, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ენერგეტიკის სისტემას და ენერგეტიკის სისტემის განვითარებას საქართველოში. მადლობას გადაგიხდით თითოეულ ენერგეტიკოსს თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, თქვენი ღირსეული საქმიანობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანის ძალისხმევაზე დგას ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევები. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი და საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა.
„მინდა შეგახსენოთ კონტექსტი. ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე წლის წინ. იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით. კონტექსტს შეგახსენებთ, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი. საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა, თუმცა დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. დღეს ვსაუბრობდი სწორედ ამბიციურ გეგმებზე, მათ შორის უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი ჩვენი გეგმის თანახმად. უნდა აშენდეს საშუალო და მცირე ჰესები, ქარის სადგურები, მზის სადგურები. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა. დღეს უკვე აგენტურა არის ბევრად უფრო დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო - ბევრად უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც განვითარდა რამდენიმე წლის წინ, უცხოური აგენტურის ინიციატივით, ვეღარ განვითარდება დღეს. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, თუმცა ეს არის მოცემულობა. სახელმწიფო იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით, დანარჩენი დეტალები გაირკვევა. კიდევ ერთხელ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ჩართული იყო, მათ შორის კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული არაერთი NGO ამ პროტესტში. ვინ აფინანსებდა ძალიან კარგად იცით ამ NGO-ებს, აღარ მინდა დეტალებში შევიდე. ვისაც ვეძახით ჩვენ Deep State-ს, გლობალურ ომის პარტიას, ზუსტად ეს წყაროები იდგა კონკრეტული NGO-ების და სხვა ძალების უკან“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა საუბარი რუსულ წყაროებზე.
„შეიძლება ყოფილიყო ასეთი წყაროებიც, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, მაგალითად კონკრეტული NGO-ები საიდან ფინანსებოდა. შეიძლება იმპორტიორ კომპანიებს ჰქონოდათ კონკრეტული ინტერესი, ლოგიკური ინტერესი, რომ დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია. ეს არის ცალკე საკითხი და ამაში თქვენც შეგიძლიათ გაერკვეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამდენიმე წლის წინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო იყო შესაბამისად ბევრად უფრო სუსტი. დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი. შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ.
რაც შეეხება გადახდას, სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით, თუმცა ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ალტერნატივის მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე. კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ალტერნატივაზე ვიფიქროთ, ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენიმე წლის წინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, „ფარა“ და ა.შ. უცხოური აგენტურა დღეს არის ბევრად უფრო სუსტი, სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერი და შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ. ამაზე ვიღებ დღეს პასუხისმგებლობას.
თქვენს მიერ რუსულ კანონად მოხსენიებული კანონი რომ არ მივიღეთ მანამდე, შეიძლება ეს იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
