გაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება - კანონპროექტი

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომლითაც წყალმომარაგებისა და წყალარინების ტარიფი საფეხურეობრივი ხდება, რაც ნიშნავს, რომ ტარიფი მოხმარების მიხედვით განისაზღვრება.

კერძოდ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით.

"აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას", - წერია განმარტებით ბარათში.

ამას გარდა, კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით, ასევე 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დაადგინოს განსხვავებული ტარიფები.