ეკონომიკური ზრდა, ბიზნესის გამოწვევები და 7-მილიარდიანი ინვესტიცია - კობახიძის განცხადებები

2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%. ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წელსაც შენარჩუნდა დადებითი დინამიკა და არსებული მონაცემებით, პირველი 3 კვარტლის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4%, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი  5.3 %-დან 7.2%-მდე გაზარდა.


„2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%. ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვადარებთ ხოლმე მოლდოვას ტრადიციულად ჩვენს მაჩვენებლებს და ამ 5 წლის განმავლობაში უკვე 13.3 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს სხვაობა იყო 4.5 მლრდ დოლარი 2020 წელს და სხვაობა არის გაზრდილი 13.3 მლრდ დოლარით. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს შედარება, ამაზე თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ.

მოხარულები ვართ, რომ წელსაც შენარჩუნდა ეს დადებითი დინამიკა და არსებული მონაცემებით, პირველი 9 თვის, 3 კვარტლის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4% და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი გაზარდა 5.3 %-დან 7.2%-მდე. რაც შეეხება საშუალოვადიან პროგნოზს, 2026-2031 წლების პროგნოზს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნება 5.5 %, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგნოზს აღემატება ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ. 

იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 18 %-ით გაიზარდა და თითქმის 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ კი 60% შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმის სექტორშიც, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კრიზისმა თავისი გავლენა მოახდინა ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაშიც ტურიზმის დინამიკაზე, თუმცა ამის მიუხედავად მოვახერხეთ და გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4.5 %-ით გავზარდეთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რამაც უკვე შეადგინა 3.8 მილიარდი დოლარი. ასევე ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით, 2025-2026 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე ნაკლებია, მაშინ როცა 2016-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 9%-ს უტოლდებოდა,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური, რომელიც სამჯერ არის შემცირებული 2020 წლის შემდეგ, 21,3 პროცენტიდან 7,1 პროცენტამდე.

 

„ამ ყველაფრის საუკეთესო დასტურია საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც, რომელიც რამდენჯერმე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები რამდენჯერმე მეტ შემოსავალს იღებენ და ეს არის ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. ამ პერიოდში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 2020 წლის შემდეგ. მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა უკვე გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს და ჩვენი ამოცანაა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანა. არსებული ტენდენციებითა და სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ სტატუსს ჩვენ მივიღებთ 2031-2032 წლებისთვის, ეს არის ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს და რომლის საფუძველზეც ამ შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი, მათ შორისაა ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, ეფექტიანი კანონმდებლობა და ძლიერი სამთავრობო გუნდი.


„ჩვენს თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი. ზოგადად, გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, მათ შორის, ეფექტიანი კანონმდებლობა და ვფიქრობ, გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი. ვისარგებლებ შემთხვევით და სამთავრობო ეკონომიკური გუნდის თითოეულ წევრს გადავუხდი განსაკუთრებულ მადლობას. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს. ამ ერთი წლისა და ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ სამინისტროში. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში. მაგალითად, საქართველოს რკინიგზაში წელს გრძელდება ცვლილებების პროცესი და მარტო წელს, დამატებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს რკინიგზას წლიური შემოსავალი დაახლოებით 80 მლნ ლარით გაეზრდება. ასევე გვისაუბრია ხშირად საქართველოს ფოსტაში განხორციელებულ ცვლილებებზე. წამგებიანი იყო ეს ორგანიზაცია და წელს პირველად გახდება მომგებიანი. 20 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი ამ სახელმწიფო საწარმოს და არათუ ვალებს დააგროვებს, პირიქით, შეძლებს წლის ბოლომდე სავარაუდოდ ვალების გასტუმრებას და გავა საბოლოოდ მოგებაზე. ენერგეტიკის სფეროში იყო არასწორი პროცესები, თუმცა აქაც ვითარება გადალაგდა და ვფიქრობ, შემდეგი წლები ენერგეტიკისთვის იქნება აღმშენებლობის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, დაიხვეწა ქონების მართვის პრაქტიკა, პრივატიზაციის პრაქტიკა, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი წესით ქონების პრივატიზაციის პრაქტიკა, რაც კორუფციის პოტენციური წყაროც იყო და ამცირებდა სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლებს.

 

„ახლა მთლიანად ჩაკეტილია ეს პრაქტიკა, შესაბამისად, ამის შედეგიც არის ის, რომ ჩვენი პრივატიზაციის გეგმა გასული ორი წლის განმავლობაში გადაჭარბებით სრულდება. საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი რამ კეთდება. ყველა მიმართულებით გვაქვს ახალი ინიციატივები, ამისათვის მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მადლობა ასევე ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს. ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური დისციპლინა, ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ზოგადად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, ამაში ფინანსთა მინისტრის როლი არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას დასჭირდა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ქვეყანა დაეცვა, მათ შორის, გარე საფრთხეებისგან.


„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ დაგვჭირდა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა, მათ შორის, გარე საფრთხეებისგან. დაგვეცვა ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით ერთ-ერთი პრინციპული გადადგმული ნაბიჯი იყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, თუმცა იყო სხვა ნაბიჯებიც. ჩვენ, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც გარედან იყო დაფინანსებული. იყო არაერთი სხვა ნაბიჯი, ამაზე დეტალურად აღარ ვისაუბრებ, თუმცა საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ საზოგადოების მხარდაჭერით, ისევ და ისევ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ მოვახერხეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ბიზნესის სტაბილური და თანმიმდევრული განვითარებისთვის. ბიზნესთან დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, შესაბამისად, მზად ვართ, დიალოგის გაგრძელებისთვის. ჩვენ ასევე პანელური დისკუსიის ფორმატში გვექნება გარკვეული საკითხების კიდევ უფრო ღრმად განხილვის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი შექმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობას გადაგიხდით თქვენი წვლილისთვის ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მიუხედავად სერიოზული გლობალური გამოწვევებისა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მაინც მოხერხდა. 

 

„ვისარგებლებ შემთხვევით და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადავუხდი მადლობას ძალიან წარმატებული, ეფექტიანი პოლიტიკისთვის, ინფლაციური პროცესების სწორად წარმართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იყო სერიოზული გლობალური გამოწვევები, ჩვენ მოვახერხეთ ამ კუთხით სტაბილურობის უზრუნველყოფა. ლარის კურსი არის სტაბილური, მყარი და ყველა მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს წარმატებით, ვავსებთ ძალიან დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვებს, 8 მილიარდს გადააჭარბა სავალუტო რეზერვების მოცულობამ. ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის დამსახურება და მადლობა მას ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა არის საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაძლევა

 

„მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით. პროდუქტიულობის გაზრდა და ზოგადად, ამ მიმართულებით რეფორმების გატარება, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა, არის საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაძლევა. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას მომავალშიც წარვუდგენთ ახალ ინიციატივებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

 

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებითად გადალაგდა სისტემა. 

 

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ რევაზ სოხაძეს. ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა კუთხით ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა და გადალაგდა პროცესები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ინფრასტრუქტურა მომავალში მაქსიმალურად ხარისხიანად და ეფექტიანად განვითარდება. კიდევ ერთხელ მადლობა სამთავრობო გუნდს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება გეგმავს ამ ვითარების გამოსწორებას.

 

„რამდენიმე გამოწვევა არის ბიზნესის წინაშე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი. შარშან და შარშანწინაც იგივე მაჩვენებელი იყო. წელსაც იგივე მთავარი პრობლემა დაფიქსირდა ბიზნესის მხრიდან ჩატარებულ კვლევაში. სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე. ჩვენ ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებას. იყო სხვა გამოწვევები, რაც დასახელდა. ჩვენ მზად ვართ ბიზნესთან დიალოგის გაგრძელებისთვის და თუ სადმე პრობლემა იქნება, თითოეული პრობლემა გადაიჭრება სწორედ დიალოგის საფუძველზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრით სარგებლობენ მოქალაქეები და ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში არის მოძველებული საბინაო ფონდი და სწორედ ამ აღმშენებლობის შედეგად ხერხდება მოძველებული საბინაო ფონდის ჩანაცვლება, ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს, იუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს. ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში და დღეს გვაქვს ასეთი ვითარება, რაც არის, ბუნებრივია, ეკონომიკური განვითარების შედეგი,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი.

 

„ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი. შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ამ მიმართულებით. დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ამ სფეროში, ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში 2031 წლისთვის ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა, აბსოლუტურად რეალისტური. ამაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს საპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, 2029 წლისთვის უკვე დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა. ასევე, აეროპორტებთან მიმართებაში, გეგმაზომიერად ვმუშაობთ. ხორციელდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. ბათუმში არის ამბიციური გეგმები და ასევე დაგეგმილი გვაქვს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2031 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რკინიგზის მიმართულებით გვაქვს ასევე ამბიციური გეგმები, თვისებრივად გაძლიერდება რკინიგზის შესაძლებლობები. ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ თემას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ბიზნესმენსა და მეწარმეს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. 

 

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებების რეკომენდაციების მოსმენა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესის კიდევ უფრო უკეთესი პირობების შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისად, მომავალშიც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ განვაგრძოთ საქმიანი დიალოგი თქვენთან ერთად. სწორედ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ არის ურთულესი გლობალური გამოწვევები, არის საკმაოდ უარყოფითი გლობალური ტენდენციები ჩვენ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ბიზნესმენს, მეწარმეს თქვენი წვლილისთვის, იმ წვლილისთვის, რაც თქვენ შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.