მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება 31 მარტამდე გადავადდა

მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია, რომელიც, ბოლო მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ ერთხელ, ამჯერად 31 მარტამდე გადავადდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტორმა "ბადა ქონსთრაქშენსმა" სამუშაოები დათქმულ დროში, 2025 წლის 30 დეკემბრამდე ვერ შეასრულა, რადგან მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის რკინა-ბეტონის გადახურვის კონსტრუქციის კვლევა-პროექტირების სამუშაოები გასული წლის 5 სექტემბრიდან შეჩერებულია, რაც მეტროს რეაბილიტაციას აჭიანურებს.

ატვირთული დოკუმენტის თანახმად, ზედა ვესტიბიულის სამუშაოები მანამდე ვერ განახლდება, ვიდრე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შესაბამის დასკვნას არ გასცემს და "ბადა ქონსთრაქშენსი" დახრილი საესკალატორო გვირაბის კაპიტალური რემონტის სამუშაოებს არ დაასრულებს, რისთვისაც ვადა ასევე 2025 წლის 30 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული.

"ბადა ქონსთრაქშენსმა" თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება 2026 წლის 30 მაისამდე მოითხოვა, სატრანსპორტო კომპანიამ კი პროექტი 3 თვით, 31 მარტამდე გაახანგრძლივა.

საქმე ისაა, რომ 2025 წლის 31 ოქტომბრის თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდებოდა.

მანამდე, გასული წლის 12 ივლისიდან 26 აგვისტომდე მეტროსადგურმა მგზავრთა მომსახურება შეწყვიტა, რა დროსაც დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, თბილისის მერიამ კი უშუალოდ სადგურის მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყება დააანონსა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.

ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. სწორედ ამ კომპანიასთან გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება 14.7 მლნ ლარამდე, რასაც დაემატა დახრილი გვირაბის რეაბილიტაციის 1.8 მილიონი ლარიც, რაც ჯამურად 16.5 მილიონი ლარია.

გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ის ჯერ 17 ნოემბრამდე, შემდეგ 30 დეკემბრამდე, ახლა კი 2026 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.