ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 42
„თბილისის განვითარების ფონდი“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსის ადგილზე ახალ საცხოვრებელ შენობას აშენებს.
ადგილზე დედაქალაქის მერი, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, იმყოფებოდა.
„იცით, რომ ქალაქში ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ჩვენი პროგრამა ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას, მძიმე საცხოვრებელი პირობების ნაცვლად, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელ კორპუსებში იცხოვრონ. ამ მისამართიდან, სამუშაოების დასრულებამდე 44 ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი. მათ 2028 წლისთვის გადავცემთ მოწესრიგებულ, გარემონტებულ ფართებს. თავიდან ამ პროგრამისადმი ნდობის თვალსაზრისით იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ მუნიციპალიტეტი არის გარანტი, ბოლომდე მიგვყავს სამუშაოები, უამრავი ოჯახი გავახარეთ. იაქტიურეთ და გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად სამუშაო პროცესი „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, უკვე განხორციელდა ძველი, ოთხსართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.
ამ ეტაპზე, სამშენებლო მოედანზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ხიმინჯების ჩასხმის პროცესი და ხორციელდება საძირკვლის ქვაბულის ამოღება.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 10 557 010 ლარს შეადგენს.
No article in the selected categories
