დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრეტენდენტებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ივნისის ბოლომდე გაფორმდება.
„დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერი მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ. დღეის მდგომარეობით, წარმოდგენილი წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია და პრეტენდენტებთან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დაიწყება პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.
„ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება. მოგეხსენებათ, პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ტრანსპორტის აღნიშნული სახეობა წლების შემდეგ უბრუნდება დედაქალაქს. ამასთან, მისი ამოქმედება და ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის წვდომას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებთან და მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მოლოდინის, ისე გადაადგილების დროს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ტრამვაის პირველი და ბოლო პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის და დეპოს პროექტირება-მშენებლობის ტენდერში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 416.6 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო. მონაწილეთა შორის სამი თურქული და ერთი ჩინური მუნიციპალური კომპანიაა. მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი წარადგინა თურქულმა კომპანია DOGUS INSAAT VE TICARET A.S.-მა 412.6 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი კი ასევე თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მ 287.6 მილიონი ლარის ოდენობით, რაც სატენდერო ფასზე 129 მილიონი ლარით ნაკლებია.
დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის და ტრამვაის დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომელიც ჯერ იანვრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა და მისმა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია. ტენდერის ვადის გაგრძელების უმთავრესი მიზეზი უკავშირდებოდა კომპანიებისთვის სათანადო ვადის მიცემას რათა საკუთარი წინადადებები მოემზადებინათ.
ახალი ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კილომეტრი უნდა იყოს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეძებს კონტრაქტორს, რომელიც პროექტს Design-Build (DB) მეთოდით განახორციელებს, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ახალ ხაზს 11 გაჩერება ექნება. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი მიეცემა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.
No article in the selected categories